რუსთავის შემოსასვლელში ქალაქის სახელწოდების აღმნიშვნელი კონსტრუქციის მოწყობისთვის საჭირო სამუშაოებისთვის პირველად ჩატარებული ტენდერი ჩაიშალა და მერიამ ახალი ტენდერი თითქმის 200 ათასი ლარით ნაკლებ თანხაზე გამოაცხადა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ სახელმწიფო შესყიდვების ონლაინ ვებრგვერდზე ტენდერი შემოსასვლელში კონსტრუქციის აშენებისთვის 721 081 ლარზე გამოაცხადა.
ინფო რუსთავი დაინტერესდა, თუ რამ გამოიწვია თანხის 200 ათასით შემცირება და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს დაუკავშირდა.
"პირველი ტენდერი იმის გამო ჩაიშალა, რომ საჭირო გახდა დოკუმენტაციის დაზუსტება და აღნიშნული ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდა. თანხის კლება კი რაღაცა სამუშაოების ამოღებამ გამოიწვია"- განაცხადა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზაზა ზაზაძემ.
კერძოდ, რუსთავის შემოსასვლელის კონსტრუქციის აშენებისთვის გამოცხადებუი ახალი ტენდერის მიხედვით აღარ გაკეთდება კონსტრუქციამდე მისასვლელი გზა, შემოღობვა და ასევე საყვავილეები, რომლებიც უნდა გაკეთებულიყო მიმდებარე ტერიტორიაზე. ზაზა ზაზაძის განცხადებით, ამ ეტაპზე მხოლოდ კოსტრუქციის გაკეთება იგეგმება და დანარჩენი სამუშაოები შემდეგ ეტაპზე განხორციელდება.
შეგახსენებთ, წარწერა "რუსთავი" 2 ენაზე, ქართულად და ინგლისურად, 30 მეტრის სიმაღლის კონსტრუქციაზე დამონტაჟდება. თითო ასოს სიმაღლე 2 მეტრის იქნება და დღისით თუ ღამით შორი დისტანციიდანაც გამოჩნდება, ღამე წარწერა განათდება. ძირითადი კონსტრუქციის ფერი იქნება ნაცრისფერი, ასოების ფერზე კი სავარაუდოდ თეთრი.