რუსთავში, ცენტრალურ საავადმყოფოში 19 წლის გოგოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამკურნალო დარგში საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე დავით გოგოძე აცხადებს, რომ პაციენტის გარდაცვალება ოპერაციის დაწყებამდე, ანესთეზიის გაკეთებისთანავე მძიმე ანაფილაქსიური შოკის განვითარებამ გამოიწვია, რა დროსაც მას გული გაუჩერდა. [ვიდეო/video]
გოგოძის თქმით, პაციენტის გადარჩენას ექიმები 10 საათის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.
"19 წლის გოგონა იყო ოპერაციაზე მოსული. ადგილობრივი ანესთეზიის საშუალებით შეყვანისას, ოპერაციის დაწყებამდე განუვითარდა ძალიან მძიმე ანაფილაქსიური შოკი, რომლიდანაც გამოყვანა ვერ მოხერხდა და 10 საათის მუშაობის შემდეგ საბოლოოდ გული გაჩერდა და დაიღუპა. ანალიზებიც, სინჯიც გაკეთდა, მაგრამ ეს არ არის გარანტია ამ დაავადებისგან თავის ასაცილებლად. ასეთი რამ უიშვიათესად ხდება, თუმცა მაინც ვითარდება ეს ვერაგი გართულება", - აცხადებს დავით გოგოძე.
19 წლის გოგონას ოჯახის წევრები, მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ გულის გაჩერება, სავარაუდოდ, ნარკოზის გადაჭარბებულმა დოზამ გამოიწვია. გოგნას შეყვარებულის თქმით, მას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ჰქონდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.