ყველაფერი, რაც ბრეკეტების შესახებ უნდა იცოდეთ

2024-01-31 19:01:32

ლამაზი, თავდაჯერებული ღიმილი არა მხოლოდ ესთეტიკურად სასიამოვნოა, არამედ მიანიშნებს პირის ღრუს ჯანმრთელობაზეც. ბუნებრივად ლამაზი ღიმილის მისაღებად უფრო და უფრო ბევრი ადამიანი მიმართავს ბრეკეტებს, როგორც ყველაზე ოპტიმალურ, გამოცდილ და საიმედო გზას. დღევანდელ ბლოგში მოგიყვებით ყველაფერს, რაც ბრეკეტების გაკეთებამდე უნდა იცოდეთ.

 

რა არის ბრეკეტები?

ბრეკეტები არის ორთოდონტული მოწყობილობა, რომლის მთავარი მიზანიც არეული თანკბილვის გასწორებაა. ბრეკეტები მსუბუქ, თუმცა მუდმივ ზეწოლას აყენებს კბილებს, რაც შესაძლებელს ხდის, კბილი თავისთვის განკუთვნილ ადგილს დაუბრუნდეს. კბილების გასწორების მექანიზმი უშუალოდ ბრეკეტის იმ ტიპზეა დამოკიდებული, რომელსაც თავად აირჩევთ. 

ბრეკეტების რამდენიმე ტიპი

თანამედროვე ორთოდონტია იძლევა საშუალებას, პაციენტს ბრეკეტების რამდენიმე ტიპი შესთავაზოს და დაეხმაროს ისეთის არჩევაში, რომელიც კონკრეტული შემთხვევისთვის არის იდეალური. არსებობს ბრეკეტების სამი ძირითადი ტიპი:


  * გამჭვირვალე ბრეკეტები: იგივე კერამიკული ბრეკეტები, ინოვაციური მიღწევაა სტომატოლოგიაში. მისი გამჭვირვალე ფერის გამო კი თითქმის შეუმჩნეველია.

  * ლინგუალური ბრეკეტები: ეს ბრეკეტების განსაკუთრებული ტიპია, რომელიც სრულად უხილავია. თითოეული ბრეკეტი კონკრეტული კბილისთვისაა დამზადებული და აბსოლუტური შედეგის გარანტიას იძლევა.

  * მეტალის ბრეკეტები: სხვანაირად ცნობილი, როგორც ვესტიბულარული ბრეკეტები, ყველაზე გავრცელებული სახეობაა. მეტალის ბრეკეტების საშუალებით სასურველი შედეგი მოკლე დროში მიიღწევა.

პროცესის მიმდინარეობა

ბრეკეტების დაყენებამდე კონსულტაციას თქვენს ორთოდონტთან გაივლით. კონსულტაციის დროს ექიმი თქვენს მდგომარეობას შეაფასებს და საჭიროებებს განსაზღვრავს. შესაბამისად, შექმნის მკურნალობის გეგმას. მომდევნო ეტაპი ბრეკეტების ჩასმაა. დარჩენილი დროის განმავლობაში კი აუცილებელია, განმეორებით ვიზიტებზე იაროთ თქვენს ორთოდონტთან, რომელიც რეგულარულად შეაფასებს ბრეკეტების მოქმედებას, გამოასწორებს დაზიანებებს არსებობის შემთხვევაში და ხელს შეუწყობს კბილების გასწორების პროცესის ეფექტურ განვითარებას. 

რას უნდა ველოდოთ ბრეკეტებისგან?

რა თქმა უნდა, მთავარი მოლოდინი ლამაზი, სასიამოვნო ღიმილია, თუმცა გარდა ამისა, ბრეკეტებს შემდეგი დადებითი ეფექტებიც ახლავს თან: 


  • კბილების უფრო მარტივი მოვლა 
  • კარიესისა და ღრძილების დაავადებების პრევენცია
  • ყბის სახსრის დარღვევების გამოსწორება
  • საბაზისო ფუნქციების (ლაპარაკი, ღეჭვა) გამართვა

როგორია ცხოვრება ბრეკეტებით?

ბევრი, ვინც ბრეკეტებისგან თავს იკავებს, ყოყმანის მიზეზად მოვლის სირთულეს და დისკომფორტს ასახელებს. სინამდვილეში, ბრეკეტებით ცხოვრება სრულიად კომფორტულია, თუ ორთოდონტის რჩევებს მიჰყვებით და არ დაარღვევთ რუტინას. ცხადია, აუცილებელია პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა, რაც ბრეკეტების შემთხვევაში, მხოლოდ კბილის ჯაგრისის გამოყენებას არ ნიშნავს. პირის ღრუს მოვლის სპეციალური რუტინა საჭიროა იმისთვისაც, რომ ნადების დაგროვება და ღრძილების ანთება არ განგივითარდეთ.

შეჯამება

ბრეკეტები სამართლიანად მიიჩნევა კბილების გასწორების საუკეთესო გზად თანამედროვგე ორთოდონტიაში. არჩევანის მრავალფეროვნება კი საშუალებას იძლევა, პაციენტის უნიკალური მდგომარეობისთვის ბრეკეტის ოპტიმალური ტიპი და მკურნალობის ინდივიდუალური გეგმა შეირჩეს. 


გაითვალისწინეთ, ბლოგი ინფორმატიული ხასიათისაა და მისი მიზანი არაა, ჩაანაცვლოს პროფესიონალური სამედიცინო რჩევა, დიაგნოზი, მკურნალობის გეგმა და სხვ. ნებისმიერი სამედიცინო პრობლემის შესახებ კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.