სამინისტრომ 48 000 ლარი გამოყო

2019-05-13 18:02:14

იუსტიციის სამინისტრომ ყოფილი პატიმრებისთვის და არასრულწლოვანი პატიმრებისთვის, რომლებიც №2 და №11 პენიტენციურ დაწესებულელებში იხდიან სასჯელს, ტატუების მოსაშორებლად 48 000 ლარი გამოყო.

ამის შესახებ მინისტრმა წულუკიანმა მედიასთან ისაუბრა.

თეა წულუკიანმა ყოფილ პატიმართა და არასრულწლოვანი მსჯავრდებულების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობისათვის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ "აფხაზეთთან" საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა.

"იუსტიციის სამინისტრო 48 ათას ლარს გასცემს არასამთავრობო ორგანიზაციაზე იმისათვის, რომ ყოფილ პატიმრებს, ან პატიმრებს, რომლებიც №2 და №11 საპყრობილეში იხდიან სასჯელს, მოაცილონ ტატუ, რომელიც ხელს უშლის მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაში. გამომდინარე იქიდან, რომ განსაკუთრებით არასრულწლოვნები ახალ-ახალ მეთოდებს იგონებენ ტატუს კუსტარულად გასაკეთებლად, მისი ამოშლა უფრო და უფრო რთული და ძვირი ხდება. მე მათ მოვუწოდებ, არ დაიზიანონ კანი, რადგან შემდეგ მისი მოშორება ძალიან რთულია, 48 ათას ლარად ჩვენ მხოლოდ 60 პატიმრისათვის შევძლებთ ტატუს მოშორებას. რეაბილიტაციისთვის ეს  ძალიან მნიშვნელოვანია. 2013 წლიდან ჩვენ 130 პატიმარს მოვაშორეთ ტატუ, რამაც მათ საშუალება მისცა, საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ეგრძნოთ თავი" - ამბობს თეა წულუკიანი.