რა გაკეთდება ჭყონდიდელის დასახლებაში [photo]

2019-05-13 21:32:44

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად ჭყონდიდელის დასახლებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოები მოინახულა.

2019 წელს ჭყონდიდელის დასახლებაში 10 საცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

ამ ეტაპზე ფასადების განახლების პროცესი პირველ 4 სახლს უტარდება. აღნიშნული საცხოვრებელი სახლების მისამართებია: გრანელის ქუჩის #7, #9, #11 და გიორგაძის ქუჩის #8.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “GDS" ახორციელებს.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 134 300 ლარს შადგენს, დანარჩენი 6 სახლის კი 225 500 ლარს. სამუშაოების დასრულება ივნისის თვეშია დაგეგმილი.

ფასადების რეაბილიტაცია ითვალისწინებს ძველი ნალესის დემონტაჟს, ლითონის ბადის გაკვრას, გალესვას, შეღებვას, დაზიანებული და ძველი ფანჯრების დემონტაჟს და ახალი ფანჯრების ჩასმას, ასევე საცხოვრებელი სახლების შესასვლელში კარის მონტაჟს.

გარდა ამისა, ჭყონდიდელის დასახლებაში, ბარნოვის #8-ში სპორტული სტადიონი ეწყობა. სპორტული კომპლექსის მოწყობის სამუშაოები უკვე დასკვნით ფაზაშია გადასული. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება კი 135 000 ლარს შეადგენს.

გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ჭყონდიდელის დასახლებაში, ჩაპაევისა და ჩეხოვის ქუჩებზე. ჩეხოვის ქუჩაზე გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება, ხოლო ჩაპაევის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის დასრულება მიმდინარე თვის ბოლოსაა დაგეგმილი.

აღნიშნული მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოებს "შპს" გზატკეცილი ახორციელებს.

რუსთავის მერმა ჭყონდიდელის დასახლებაში მიმდინარე სამუშაოების ხარისხი და ტემპი დადებითად შეაფასა. ჯამში დასახლებაში 360 000 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.