"ომი დანაკარგის გარეშე" [photo]

2019-05-10 00:18:36

"ომი დანაკარგის გარეშე" - რუსთავში აირსოფტის სათამაშო/საბრძოლო პოლიგონი გაიხსნა.

მარცხენა და მარჯვენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარედ, ე.წ. "კუკუშკას" ტერიტორიაზე სპორტის ამ მიმართულებით დაინტერესებულთათვის, ან მათთვის, ვისაც გამოწვევები ხიბლავს 25 000 მ2 მიწის ფართობზე სრულიად ახალი სივრცე მოეწყო.

აირსოფტი საბრძოლო სპორტული თამაშია. თამაშში მონაწილეობა მსურველს როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფთან ერთად შეუძლია. წესები მარტივია, მთავარია საბრძოლო სტრატეგია, მაგრამ შედეგი მხოლოდ ტყვიაზე გადის. აირსოფტში მოხვედრილი ტყვია სასიკვდილო არაა, თუმცა მაინც საბედისწერო, ვისაც ტყვია ხვდება, ის თამაშს ტოვებს და "უსისხლო ომის" დამარცხებული ხდება.

თამაშში ბრძოლა რეალისტური იარაღებით ხდება. ნამდვილი იარაღის მსგავსით, რომელიც  ისვრის უფრო შორს, მაგრამ ბევრად ნაკლები წონის, დაახლოებით 25 გრამიან პლასტმასის ტყვიას, რის გამოც ნაკლებად ტრავმატულია.

რუსთავის აირსოფტის პოლიგონზე სამხედრო სტრატეგიულ თამაშში მონაწილეობა 12-13 წლიდან ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ინსტრუქტორები მონაწილეებს ბრძოლის დაწყებამდე დეტალურად აუხსნიან, თამაშის წესებსა და უსაფრთხოების ნორმებს, რომლებიც თამაშში ჩართვამდე უნდა დაიცვა. აირსოფტში მონაწილეობა ყოელდღიურ, არასპეციალურ სამოსშიც შეიძლება, მაგრამ როგორც "აირსოფტის ეროვნული ფედერაციის" პრეზიდენტი ვანო მთიბერიშვილი აღნიშნავს, თამაშში ჩართვამდე თავისა და თვალების დაცვა აუცილებელია. 

ღია ცის ქვეშ გაშენებული, პროფესიონალური პოლიგონი საქართველოს მასშტაბით უპრეცენდენტოა და ის პირველად რუსთავში მოეწყო. აირსოფტის პოლიგონზე მისვლა და თამაშში მონაწილეობის მიღება მსურველებს 09:00 საათიდან 22:00 საათამდე შეეძლებათ. 30 წუთი თამაშის საფასური 10 ლარი, ხოლო 1 საათით თამაშის ღირებულება 17 ლარია.

შეგახსენებთ, "აირსოფტის ეროვნულმა ფედერაციამ" რუსთავში პროფესიონალური პოლიგონის მოსაწყობად 30 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. მათ კი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის უფლება 1 წლის ვადით მიეცათ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები