რუსთავში ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა დიდების ხეივანში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და თავისუფლებისათვის მებრძოლ გმირებს პატივი მიაგეს. მემორიალთან ტრადიციულად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები შეიკრიბნენ.
ჟურნალისტებთან კაცობრიობის ისტორიაში ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ისე სასულიერო პირებმაც, მეუფე იოანემ დაღუპული გმირების მემორიალთან პარაკლისი გადაიხადა.
"დღეს მთელი მსოფლიოს პროგრესული კაცობრიობის ნაწილი აღნიშნავს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 74 წლისთავს. რუსთავში და ქვემო ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოვინახულეთ სამამულო ომის უშუალო მონაწილეები და პატივი მივაგეთ ომში დაღუპულთა ხსოვნას. ეს ომი ნამდვილად იყო ყველა ღირებულების წინააღმდეგ მიმართული, სწორედ ამიტომ მსოფლიო მოსახლეობის 80% იღებდა მონაწილეობას და მოიცვა 70 ქვეყანა. მე მინდა ერთხელ კიდევ პატივი მივაგოთ ომში დაღუპულთა ხსოვნას და ვუსურვო ჩვენს ქვეყანას მშვიდობა და კეთილდღეობა", - აცხადებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი.
როგორც მეუფე იოანემ "ინფო რუსთავთან" საუბარში აღნიშნა, დაღუპული გმირებისთვის პარაკლისის გადახდას და მათი ხსოვისთვის პატივის მიგებას რუსთავის ეპარქია მოვალეობადაც კი თვლის, რადგანაც ამ ადამიანების დამსახურებით კაცობრიობის დიდმა ნაწილმა თავისუფლება მოიპოვა.
მოგვიანებით ქალაქის მერი ვეტერანებს სპეციალურად მათთვის მოწყობილ სადღესასწაულო სადილზე მიიწვევს.
რუსთავში დღესდღეობით მეორე მსოფლიო ომის 8 ვეტერანი ცხოვორბს. მათ კი რუსთავის მერიისგან სადღესასწაულო ფულადი ჯილდო, ომის მონაწილეებს -150 ლარის, მათთან გათანაბრებულ პირებს კი 80 ლარის ოდენობით პირად ანგარიშზე გასული წლიდან ერიცხებათ.