კოსტავას გამზირზე საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო.
ფასადების აღდგენა-რეაბილიტაციის ფარგლებში კოსტავას გამზირის #23-დან #36-ის ჩათვლით საცხოვრებელ სახლებზე საჭიროებისამებრ ნალესის ჩამოფხეკვა და ხელთავიდან შელესვა, ხის კარ-ფანჯრების გარე და შიდა მხრიდან შეღებვა, კიბეების დემონტაჟი და ხელთავიდან მონტაჟი მოხდება. პროექტით გათვალისწინებულია საცხოვრებელ სახლებზე დაზიანებული აივნების აღდგენაც, სამღებვრო სამუშაოების ჩატარება და საჭირო დეკორატიული ელემენტების დამატება.
კოსტავას გამზირზე მიმდინარე სამუშაოებს დღეს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო. როგორც რუსთავის მერმა აღნიშნა, სამუშაოები შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.
აღნიშნული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 2 441 779 ლარს შეადგენს. ხელშეკრულების პირობების თანახმად კი კოსტავას გამზირზე საცხოვრებელი სახლების დარჩენილი ნაწილის ფასადების რეაბილიტაცია-აღდგენის პროცესი ოქტომბრის თვეში უნდა დასრულდეს.