"წლის ყველაზე პატარა მკითხველი"

2019-05-08 19:24:51

ილია ჭავჭავაძის სახელობის რუსთავის მთავარ ბიბლიოთეკაში ყველაზე პატარა მკითხველი 4 წლის მარი უფეიჩეკია, რომელიც დღეს საბიბლიოთეკო კვირეულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე "წლის ყველაზე პატარა მკითხველის" ნომინაციაში გამარჯვებული გახდა.

აღმოჩნდა, რომ მარი რუსთავის ბიბლიოთეკაში წლის განმავლობაში ყველაზე პატარა იყო სტუმართა შორის და ამასთან, მისი და არაფორმალური განათლების ცენტრის ურთიერთობას საკმაოდ ხშირი ხასიათიც ჰქონდა.

წიგნები მასთან ხან ბებოს, ხანაც კი დედას მიჰქონდა და მათ წაკითხვაში ეხმარებოდა, მაგრამ ზოგჯერ პატარა მარი თავადაც სტუმრობდა უფროსებთან ერთად ბიბლიოთეკას.

მარის, როგორც ნომინაციაში გამარჯვებულს დღეს საჩუქრად სპეციალური სიგელი და ჯილდო გადაეცა.

საბიბლიოთეკო კვირეულის დახურვისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში სულ 23 ადამიანი დააჯილდოეს. "წლის ყველაზე პატარა მკითხველის" გარდა გამოვლინდნენ "წლის აქტიური მკითხველი", "ბიბლიოთეკის მეგობარი", "უხუცესი მკითხველი", "წლის მეცენატი".

სიგელები და საჩუქრები გადაეცათ, როგორც სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ მკითხველებს, ისე ბიბლიოთეკის ცალკეული ფილიალების მენეჯერებს.

კვირეულის დახურვას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, დეპუტატები, რუსთაველი მწერლები, პოეტები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

საბიბლიოთეკო კვირეული 2 მაისს დაიწყო და მის ფარგლებში, ღონისძიებები „რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების“ ყველა ფილიალში გაიმართა. მოეწყო გამოფენები, პრეზენტაციები, პოეზიისა და შემეცნებითი საღამოები.