მამუკა ბახტაძე საპატიო ხონელი გახდა

2019-05-06 15:29:14

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს საპატიო ხონელის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ჯილდო მთავრობის მეთაურს დღეს ხონის ბულვარში, ხონელობის სახალხო დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გადასცეს.

მამუკა ბახტაძემ ბულვარში შეკრებილ მოსახლეობას ხონელობის სახალხო დღესასწაული და გიორგობა მიულოცა და აღნიშნა, რომ ხონში სტუმრობა მისთვის ყოველთვის დიდი ემოციური დატვირთვის მატარებელია.

„მე, როგორც ყველა ხონელი, განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ფესვებით. ხონი უნიკალური, ულამაზესი კუთხეა, რომელმაც ძალიან ბევრი ქართული ფასეულობა და ტრადიცია შეუნარჩუნა ჩვენს სამშობლოს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძე დღესვე ხონში დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ მსვლელობას შეუერთდა და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ხონის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო.