"ენერგო-პრო ჯორჯია" რუსთავში, ორი ქვესადგურის რეაბილიტაციის ფარგლებში, 2 000 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს.
მიმდინარეობს მაღალი ძაბვის, 110 კვ-იანი ქვესადგურების "მარჯვენა სანაპიროსა" და "პატარა რუსთავის" სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.
"საკმაოდ მნიშვნელოვან სამუშაოებს ვაკეთებთ ქალაქისთვის. რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ, რუსთავის ენერგომომარაგება კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ქვესადგურ "მარჯვენა სანაპიროში" დამატებით დამონტაჟდება ძალოვანი ტრანსფორმატორი, რაც კიდევ უფრო ეფექტურად უზრუნველყოფს ქალაქის ენერგომომარაგების გაუმჯობესების პროცესს", - განაცხადა "ენერგო-პრო ჯორჯიას" მაღალი ძაბვის ქსელის მართვის მენეჯერმა ზურაბ სიხარულიძემ.
ქვესადგურების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები ამ დროისთვისაც მიმდინარეობს და ივნისის ბოლოს დასრულდება.