"მე ვესაუბრე მაღალჩინოსნებს" [video]

2019-05-02 19:40:50

ჭყონდიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე რუსთავის სასულიერო პირებიც მივიდნენ. [ვიდეო/video]

რუსთავის ეპარქიამ აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, სამღვდელოება სოლიდარობას უცხადებდა აქციის მონაწილეებს. რუსთავის ეპარქია აანონსებდა, რომ ჭყონდიდელის დასახლებაში რუსთაველების პროტესტს შეუერთდებოდა.

აქციაზე სასულიერო პირები და მეუფე იოანე მართლაც მივიდნენ, თუმცა მათ ჭყონდიდელში, დასახლებულ პუნქტთან ახლოს ციხეების მშენებლობასთან დაკავშირებით ისეთი მტკიცე პროტესტი არ გამოუთქვამთ, როგორც ამაზე განცხადებაში საუბრობდნენ.

მეუფე იოანეს თქმით, ის აქციაზე მისვლამდე მაღალჩინოსნებს ესაუბრა და განუმარტეს, რომ იმ ლოკაციაზე, სადაც ციხე უნდა აშენდეს, უკვე გაწეული სამუშაოებისთვის დიდი თანხაა დახარჯული, ამიტომაც ისინი მეუფეს ციხის ადგილმდებარეობის მინიმალური მანძილით შეცვლას დაჰპირდნენ.

მეუფე იოანემ მოსახლეობას, იუსტიციის მინისტრისთვის, თეა წულუკიანისთვის წერილით მიმართვა ურჩია.

როგორც აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, მათ უკვე ყველანაირი გზით სცადეს ცენტრალურ ხელისუფლებასთან საუბარი, მათ შორის იყო პეტიცია, რომლითაც რუსთაველებმა თეა წულუკიანს მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

სამოქალაქო აქტივისტები აქციების გამართვას კიდევ გეგმავენ და აცხადებენ რომ პროსტესტის ფორმები იქნება უფრო რადიკალური ვიდრე აქამდე იყო.

შეგახსენებთ, რუსთაველები ჭყონდიდელის დასახლებაში ციხეების მშენებლობას უკვე 1 თვეა აპროტესტებენ. "ინფო რუსთავმა" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩაატარა. სულ გამოიკითხა 4252 ადამიანი. გამოკითხულთა მხოლოდ 6%-ს სურს რუსთავში აღნიშნულ ადგილზე ციხის აშენება, 94% კი დასახლებულ პუნქტთან პენიტენციალური დაწესებულების აშენების წინააღმდეგია.