"ღრეობა სასაფლაოებზე"

2019-04-26 12:40:54

ალბათ ყველას გინახავთ სასაფლაოებზე გაშლილი სადღესასწაულო სუფრები და მოგისმენიათ კიდეც "მრავალჟამიერი" გულმხურვალე ქეიფის ბოლოს.

აღგომის ბრწყინვალე დღესასწაული, როგორც ამას სასულიერო პირები გვეუბნებიან და სავარაუდოდ, ყველა ჩვენგანისთვისაც ცნობილია, სიკვდილის დათრგუნვის, გარდაცვალებაზე სიცოცხლის გამარჯვების დღეა, ამიტომაც ისინი აღნიშნავენ, რომ ზომიერების ფარგლებში ზეიმი სრულებითაც მისასალმებელია, თუმცა სასულიერო პირების დიდი ნაწილი თვლის, რომ ღრეობა იქ, სადაც მიცვალებულები განისვენებენ, უნდა დაიგმოს.

როგორც "ინფო რუსთავთან" საუბარში დეკანოზი პაატა თავართქილაძე ამბობს, "ტრადიცია", რომელიც სასაფლაოებზე ღრეობას უკავშირდება, დამახინჯებულია და ყველანაირი ზომიერების ფარგლებს სცდება.

მისი თქმით, საერთოდაც, საფლავზე კვირას გასვლის წესიც უნდა შეიცვალოს, რადგანაც აღდგომის დღე არის დღესასწაული და კავშირში არაა მიცვალებულებთან, ამიტომაც, როგორც დეკანოზი პაატა თავართქილაძე აღნიშნავს, სასაფლაოზე აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს უნდა გავიდეთ, თუმცა ზომიერება, რა თქმა უნდა, მიცვალებულების განსასვენებელ ადგილთან ახლოს ყოველთვის უნდა დავიცვათ.

აღსანიშნავია, რომ სასულიერო პირთა დიდი ნაწილი, ასევე ყურადღებას ამახვილებს სასაფლაოებზე მიტანილი საკვების ნარჩენებით მიმდებარე ტერიტორიების დაბინძურებაზე.
მათი თქმით, დაუშვებელია ადამიანი ქრისტეს რჯულის იყოს და თან გარემოზე არ ზრუნავდეს, აბინძურებდეს და უდიერად ეპყრობოდეს მას.