რუსთავის მუნიციპალიტეტში 2019 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების სატენდერო ხელშეკრულებების 97% უკვე გაფორმებულია, ამის შესახებ რწმუნებულის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი.
როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, ზემოთაღნიშნული მდგომარეობა, რომელიც მუნიციპალიტეტს ინფარსტრუქტურული პროექტების დაგეგმვა-განხორციელების კუთხით აქვს, რუსთავში ახალი პროექტების განხორციელების დამატებით შესაძლებლობას ქმნის.
1 მაისისთვის უკვე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მუნიციპალიტეტებიდან ის ახალი პროექტები უნდა იყოს წარდგენილი, რომლებსაც რეგიონული განვითარების ფონდი დამატებით დააფინანსებს.
როგორც ქალაქის მერმა განაცხადა, რუსთავისთვის პრიორიტეტული პროექტები ამ ეტაპზე არის კოსტავას გამზირის #21 კორპუსიდან მეტალურგიულ ქარხნამდე მისასვლელი გზის საფარის რეაბილიტაცია და ლომოურის ქუჩის გაგანიერება/რეაბილიტაცია.
ამ პროექტების ღირებულება ჯამში დაახლოებით 5 მილიონ ლარს შეადგენს. მოლოდინი იმისა, რომ რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი დამატებითი დაფინანსებით აღნიშნული სამუშაოების ჩატარება გახდება შესაძლებელი კი დიდია.
ირაკლი ტაბაღუას თქმით, უკვე თითქმის დასრულებულია ის ინფრასტრუქტურული პროექტებიც, რომლებიც რუსთავის მუნიციპალიტეტს გასულ წელს უნდა შეესრულებინა და მათი სრულად განხორციელება რიგი მიზეზების გამო ვერ მოხერხდა.