"რეგიონი მოწინავე პოზიციაზეა"

2019-04-25 13:22:24

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

შეხვედრაზე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი მოადგილეებთან ერთად რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

სხდომაზე მუნიციპალიტეტებში მიმდინარე წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს.

როგორც ცნობილი გახდა, ამ ეტაპისთვის რეგიონის მასშტაბით 2019 წელს განსახორციელებელი ინფარსტრუქტურული პროექტების სატენდერო ხელშეკრულებების 97% უკვე გაფორმებულია რუსთავში. ხელშეკრულებების 100% გაფორმდა წალკაში, 95% ბოლნისში, 85% დმანისში, ხოლო 69% მარნეულში. თეთრიწყაროში ჯერ მხოლოდ სატენდერო ხელშეკრულებების 50 %-ია გაფორმებული.

"ჩვენ გვქონდა გამოწვევა 1 მაისამდე 75%-ით და ზემოთ ვყოფილიყავით მზად დასაკონტრაკტებლად იმ პროექტების, რომლებიც უნდა განხორციელებულიყო მიმდინარე წელში. დღეს ვართ ქვეყნის მასშტაბით მოწინავე პოზიციაზე, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არათუ 75%-ით, 100%-ითაც კი არის შესრულებული ჩვენი დასახული მიზნები. ზოგადად მხარეში ძალიან კარგი მდგომარეობაა და ყველა პირობაა იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ამბიცია მივიღოთ დამატებითი ფინანსური რესურსები და განვახორციელოთ დამატებითი პროექტები", - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე დღეს იმსჯელეს იმ პროექტების შესახებაც, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დამატებითი დაფინანსების მისაღებად გადაეგზავნება.

ჯამში რეგიონს 13 მილიონი ლარის ოდენობის ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი აქვს მზად, ხოლო რამდენი ლარის დაფინანსება გამოიყოფა დამატებით რეგიონალური განვითარების ფონდიდან ჯერჯერობით უცნობია.