კარფური რუსთავში - ახალი დეტალები [photo]

2019-04-24 00:34:43

რუსთავში, შარტავას გამზირზე, (დანიურ სახლსა და ემბავუდს შორის) კარფური აშენდება - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომათა დარბაზში დღეს იმსჯელეს.

პროექტის მიხედვით, შენობა ერთსართულიანია, თუმცა მისი სიმაღლე 9 მეტრი იქნება. სავაჭრო ცენტრს შარტავას გამზირიდან ექნება ცენტრალური შესასვლელი რომელიც მინუს ერთ სართულზე საპარკინგედ მოწყობილ ადგილზე შევა.

"კარფურის მშენებლობა იგეგმება შარტავას გამზირზე. ეს არის საცხოვრებელი ზონა. ცვლილება ხდება ამ ზონის და ხდება საზოგადოებრივი ზონის მინიჭება. დამატებით მან წარმოადგინა განაშენიანების რეგულირების გეგმა. ძირითადად მთელი k1 კოეფიციენტი ათვისებული აქვს მაქსიმალურად. იქნება სავაჭრო მოლი თავის საწყობებით. მომარაგების მანქანებს შესაძლებლობა ექნებათ შემოუარონ შენობას გარშემო და ლომოურის ქუჩიდან გავიდნენ", - განაცხადა არქიტექტურისა და სამშენებლო - ზედამხედველობის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა ეკა პაპუაშვილმა.

სავაჭრო ცენტრის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავმა" ჯერ კიდევ გასულ წელს გაავრცელა. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი შენობაში შეგეძლებათ როგორც სურსათის ასევე ტექნიკის და ტანსაცმელის შეძენა, საუბარია რომ ფართები დაიკავოს რამდენიმე ევროპულმა ბრენდმა.

გარდა სავაჭრო დანიშნულებისა კარფურს ექნება გასართობი ფუნქციაც, შენობაში მოეწყობა კაფეები და სხვადასხვა ბრენდის კვების ობიექტები, ასევე გასართობი სივრცეები.

"კარფური" რუსთავში 6 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ობიექტის მშენებლობა პროექტის დამტკიცებიდან მალევე დაიწყება და სავარაუდოდ 1 წელში დასრულდება. რაც შეეხება დასაქმებულების რაოდენობას, კომპანია ჰიპერმარკეტში 200-მდე ადამიანს დაასაქმებს. კარფური სავარაუდოდ 10 000 მ2 მიწის ფართობზე განთავსდება