რუსთავში ცხოველთა თავშესაფარი აშენდება

2019-05-04 00:10:00

რუსთავში, ტყე-ჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე მიუსაფარ ცხოველთათვის თავშესაფარი აშენდება - ამის შესახებ ქალაქის მერმა "ინფო რუსთავის" გადაცემაში განაცხადა.

ირაკლი ტაბაღუას თქმით, თავშესაფარი, 2 ჰა ფართობზე მოეწყობა, რომელიც დაახლოებით 80 ცხოველზე იქნება გათვლილი. აღნიშნულ დაწესებულებაში, ცხოველებს შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდებათ.

თავშესაფარი არ იქნება ცხოველთათვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და დახმარების გაწევის შემდგომ ისინი ძველ ადგილს დაუბრუნდებიან.

"ბევრ მუნიციპალიტეტს ჰქონდა სურვილი წაეღო ეს პროექტი, მაგრამ ჯერი შეჩერდა რუსთავზე. იყვნენ ადგილზე დაათვალიერეს და მიწის გამოყოფა ხდება. იმ სტრუქტურიდან, რომელიც აწყობს თავშესაფარს დასტური მივიღეთ, თავშესაფრის რუსთავში განთავსების შესახებ. თავიდან ბოლომდე პროექტირებას და მშენებლობას უზრუნველყოპს მუნიციპალური განვითარების ფონდი", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ

პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაახლოებით 1 500 000 ლარი უნდა გამოყოს.