"ეს იქნება დაწესებულება, რომელიც არავის არ შეუშლის ხელს"

2019-04-18 21:54:17

"მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ეს იქნება თანამედროვე ტიპის, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, უსაფრთხო, დახურული ტიპის დაწესებულება, რომელიც არავის არაფერში არ შეუშლის ხელს", - ამის შესახებ განცხადება ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან შეხვედრის დეტალებზე საუბრისას გააკეთა.

შოთა რეხვიაშვილმა "ინფო რუსთავის" მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ იუსტიციის მინისტრი როგორც ადრე, კვლავაც მზადაა საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და დიალოგისთვის. რეხვიაშვილის თქმით, თეა წულუკიანი ისევ ძალაში ტოვებს ჭყონდიდელის დასახლებაში მცხოვრებლების მიმართ შეთავაზებას, გაიარონ გადამზადებები, ტრენინგები და ღია კონკურსის გავლით მათ დასახლებაში არსებულ ახალ პენიტენციალურ დაწესებულებაში დასაქმდნენ.

"ქალაქის მერთან ერთად ვიყავი იუსტიციის მინისტრთან შეხვედრაზე. განვიხილეთ ყველა დეტალი და ვადასტურებ, რომ მინისტრი კომუნიკაციისთვის ყოველთვის მზადაა. ადგილობრივ მოსახლეობასაც ვესაუბრე და ასევე ვესაუბრე სკაუტების ცენტრის ხელმძღვანელს, დავით მეტრეველს. მოვინახულე ის ახალგზარდები, ვინც აქციებში მონაწილეობენ და ღამეებს ათევენ. სავარაუდოდ, ხვალაც მექნება კომუნიკაცია ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ეს კომუნიკაცია გაგრძელდება, მაგრამ გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ მინისტრმა, როდესაც შენიშნა რომ მოსახლეობაში იყო გარკვეული მოულოდნელობა ამ ინფრასტრუქტურით, მან განმარტებები მისცა ადგილობრივ მოსახლეობას. ამიტომ, ის მზადაა ერთხელ კიდევ კომუნიკაციისთვის, ასევე ის მზად არის ერთხელ კიდევ დაიწყოს ადგილობრივი მოსახლეობიდან მსურველების, 500 ადამიანის გადამზადება მათი დასაქმებისთვის", - აცხადებს შოთა რეხვიაშვილი.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ჭყონდიდელის დასახლებაში მშენებარე ციხე იქნება თანამედროვე ტიპის პენიტენციალური დაწესებულება, რომელიც ჩაანაცვლებს რუსთავში არსებულ "ზონის" ტიპის დაწესებულებებს. შოთა რეხვიაშვილის თქმით, მავნე ზეგავლენას სწორედ "ზონები" ახდენს რუსთაველ ახალგაზრდებზე და გარკვეულწილად ეს ფონომენი ქურდული ტრადიციების გამოღვიძებასაც უწყობს ხელს.

"ამ დაწესებულებაში, რომელიც 800 ადამიანზეა გათვლილი, გადმოვლენ ახლანდელი #17 დაწესებულების პატიმრები, რომლებიც ზონურ სისტემაში არიან და თუ რამე მავნე გავლენას ახდენს ახალგაზრდებზე და ქურდულ ტრადიციებზე რუსთავში, ის ღია ზონებია, რომლებიც უნდა დაიხუროს და ასეთ თანამედროვე დაწესებულებებად უნდა იქცეს", - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.