"მოდუსში" სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

2019-04-18 14:23:55

რუსთავში, პროფესიული კოლეჯის "მოდუსი" სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

რუსთავის პროფესიული კოლეჯის „მოდუსი“ რეაბილიტაციაზე 2 მილიონამდე ლარი გაიხარჯება, პროექტის ფარგლებში კი სრულიად განახლდება და აღიჭურვება სასწავლებლის ორი კორპუსი, ამჟამად სამუშაოები დასრულების ფაზაშია.

"დავათვალიერეთ პროფესიული გადამზადების ცენტრ მოდუსის შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც აფინანსებს განათლების სამინისტრო. ეს არის ძალიან კარგი საჩუქარი ქალაქისათვის. ამ ეტაპზე პროფესიულ გადამზადებაში მონაწილეობს 100 ბენეფიციარი, ხოლო სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ 1000 მსურველის მიღებას შეძლებს ცენტრი. გააქტიურებულია აქ ზუსტად ის აქცენტები, რომელიც ძალიან საჭიროა მხარისათვის ყველა პროფესიაში, როგორებიცაა საფეიქრო, ავტოშეკეთების, საზეინკლო, შედუღების, კულინარიული ხელობის დაუფლება და სხვები",- აცხადებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი.

"განათლების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ 2019- 2020 წლებში ასობით ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, მათი დასრულება. პროფესიული სწავლება, ეს არის განათლების რეფორმის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელიც 2 ნაწილს გულისხმობს.  ერთი ეს გახლავთ თანამედროვე სტანდარტებით ინფრასტურქუტურული და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა. პროფესიული კოლეჯი "მოდუსი" არის იმ პროფესიული სასწავლებლის სიაში, სადაც მიმდინარეობს ამგვარი პროექტები.  მეორე კი გახლავთ ის პროგრამები და ხელშეწყობა, რაც განათლების სამინისტროს მხრიდან პროფესიული სწავლების მიმართ მიმდინარეობს", - განაცადა განათლების მინისტრის მოადგილემ  ნათია ზედგინიძემ.