რა ბედი ეწევა "არაჩვეულებრივ გამოფენას"?

2019-04-30 09:42:43

რა ბედი ეწევა რუსთავის ცენტრალურ სკვერში არსებულ "არაჩვეულებრივ გამოფენას"? ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით უცნობია.

რუსთავის მუნიციპალური თეატრის წინ ახალი სკვერის მოწყობაა დაგეგმილი. სამუშაოები უკვე დაწყებულია და სავარაუდოდ, განახლებული სკვერი ოქტომბერში გაიხსნება. ხოლო რა ბედი ეწევა მუნიციპალური თეატრის წინ გამოფენილ 12 სკულპტურას, რომელიც სიმპოზიუმის ფარგლებშია დამზადებული, ჯერჯერობით უცნობია.

სკვერის კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში სკულპტურების დროებით დემონტაჟია გათვალისწინებული, რაც შესაძლოა სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში გახდეს საჭირო, თუმცა ქანდაკებების გადატანა ქალაქის მასშტაბით სხვა ტერიტორიებზე, თუნდაც სხვა სკვერებში არ იგეგმება.

"ინფო რუსთავმა" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივები გამოკითხა. ჩვენს კითხვაზე, სურთ თუ არა სკულპტურებს შეუნარჩუნდეთ ძველი ადგილმდებარეობა, გამოკითხული რუსთაველების დიდი ნაწილი პასუხობს, რომ არ სურთ. გამოკითხულთა აზრით, კარგი იქნება თუ ცენტრალურ სკვერში არსებული 12 ქანდაკება ქალაქის მასშტაბით, თუნდაც სხვა სკვერებში გადანაწილდება.

რუსთავის მუნიციპალური სკვერი შეიძლება  ქალაქში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სკვერად ჩაითვალოს. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ჩატარებული სიმპოზიუმისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 72 000 ლარი გამოიყო, ხოლო 2017 წელს გამართული სიმპოზიუმისთვის 177 000 ლარი.

სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ამ წლების განმავლობაში სიმპოზიუმების ფარგლებში დამზადებული სკულპტურების უმრავლესობა აღნიშნულ სკვერშია განთავსებული, შეიძლება ვუწოდოთ მას ყველაზე ძვირადღირებული,  თუმცა მოუწყობელი ინფრასტრუქტურა სივრცის პრობლემა იყო, რომელის გამოსწორებაც, სავარაუდოდ ამ წელშივე მოხდება.