ინციდენტი რუსთავში, საპროტესტო აქციაზე [video]

2019-04-16 11:32:56

აქციის მონაწილეები, რომლებმაც რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, მშენებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან კარვები გაშალეს სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. [ვიდეო/video]

ინფო რუსთავის ინფორმაციით, ციხის მშენებლობაზე დასაქმებულმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, 112 ზე დარეკა და განაცხადა რომ სამოქალაქო აქტივისტებმა ღობე დააზიანეს სწორედ ეს გახდა 2 ადამიანის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის მიზეზი.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, კარვებში ისინი 24 საათის განმავლობაში დარჩებიან და მშენებლებს ციხის მშენებლობის გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ.

ჭყონდიდის დასახლების მაცხოვრებლების მოთხოვნები უცვლელია. ისინი მოითხოვენ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულება სხვაგან აშენდეს. აქციის მონაწილეები ასევე იუსტიციის მინისტრთან თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვენ.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ ულტიმატუმის ენას ვერ მიიღებს, თუმცა კონსულტაციებისთვის მზად არის.

"ეს მიწა ყოფილ სასჯელაღსრულებით სამინისტროს ციხეების მშენებლობისთვის გადაეცა 2018 წლის აპრილში, სანამ ეს უწყება იუსტიციის სამინისტროს ნაწილი გახდებოდა. თუ კომუნიკაცია იმ პერიოდში ჩვენს მოსახლეობას დააკლდა, ეს უნდა გამოვასწოროთ",— განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებასთან ციხის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია 1 კვირაა მიმდინარეობს.




ავტორი

სოფო ცერცვაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები