რუსთავში დედაენის დღე აღნიშნეს

2019-04-14 13:47:19

დღეს დედაენის დღეა.

ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. ამ დღეს, ტრადიციულად, იხსენებენ 1978 წლის მოვლენებს, როცა, ქართველი სტუდენტების და საზოგადოების ხალხმრავალი პროტესტის შედეგად, ქართულმა ენამ მაშინდელი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა.

თარიღთან დაკავშირებული რუსთავში სხვადასხვა აქტივობა გაიმართა - დედაენის დღე, რომელიც 1990 წლიდან აღინიშნება, რუსთავში კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებით აღნიშნეს.

ღონისძიებას რუსთავის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა. ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ილია ჭავჭავაძის ბიუსტთან კალიგრაფიული ნიმუშების, ბავშვთა ხელნაკეთი წიგნებისა და უძველესი ქართული გამოცემების გამოფენა მოეწყო.

"დედაენის დღის აღსანიშნავი ღონისძიება საბიბლიოთეკო გაერთიანების და კულტურის ცენტრის ორგანიზებით მოეწყო. გვინდა, რომ წელს მასებზე გავიდეთ და გარე ღონისძიებით შემოვიფარგლოთ. კულტურულ-შემეცნებით აქტივობაში ქალაქის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა, ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, ლიტერატურული კომპოზიციები. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და კარგი ღონისძიება გამოვიდა" - განაცხადა, რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორმა თეა ჟვანიამ.

ღონისძიებას ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ირაკლი ტაბაღუამ  1978 წლის 14 აპრილის დრამატული მოვლენები გაიხსენა.

"ქართული ენა ეს არის უდიდესი განძი და მონაპოვარი ქართველი ერის, რომელიც დღემდე მოვიდა. განცდა იყო იმისა, რომ ქართული ენა, დამწერლობა, საერთოდ ამოეღოთ და სამართლებრივ წარმოებაში აღარ ყოფილიყო, ამ სურვილს წინ აღუდგა ერიც, ბერიც და საბჭოთა კავშირის დროს არსებული ხელისუფლებაც. ერთ-ერთმა  გავლენიანმა სახელმწიფომ, რომელიც შიშის ზარს სცემდა მსოფლიოს, ვერ გაბედა და ვერ ამოკვეთა ჩვენი ქართული ენა"- განაცხადა, ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

 

ავტორი

სალი ომაროვა

ნახე ავტორის სხვა სიახლეები