კარტოფილის ფასი თითქმის 50%–ით გაიზარდა

2019-04-13 10:39:25

კარტოფილის ფასი, გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია.

რუსთავში ე.წ სტამბულის ბაზარში ერთი კილოგრამი კარტოფილი, რომელიც ერთი თვის წინ 70-80 თეთრი ღირდა, დღეს 1,50 -1,70 ლარამდე გაძვირდა. რაც შეეხება წვრილ კარტოფილს კილოგრამის ფასი 40 თეთრიდან 1 ლარამდეა გაზრდილი.

როგორც რუსთავის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები ინფო რუსთავთან აცხადებენ, მათ ძირითადად კარტოფილი ახალციხიდან შემოაქვთ და მხოლოდ 20 თეთრს ამატებენ. მათივე თქმით კარტოფილზე ფასი აპრილის თვიდან არის გაიზრდილი.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ კარტოფილის ფასის ზრდა ძირითადად განპირობებულია იმით რომ ამოიწურა ძველი კარტოფილის მარაგი. მოვაჭრეების თქმით, გაძვირებულია ასევე თურქეთიდან შემოტანილი საკვები პროდუქტიც, მათივე ინფორმაციით თუ გასულ თვეს 1 კილოგრამი პომიდორის ყიდვა 3 ლარად და 50 თეთრად იყო შესაძლებელი დღეის მდგომარეობით  1 კილოგრამი პომიდორის ფასი 4 ლარი და 40 თეთრია.