"შაკოს ედემი" [photo]

2019-04-20 20:26:43

"შაკოს ედემი" - ამ სახელწოდების მქონე ფეისბუქ გვერდის უკან 24 წლის რუსთაველი, თვითნასწავლი მებაღე შაკო ქუსიკაშვილი დგას.

ხე-მცენარეებისადმი ინტერესი პირველად 13 წლის ასაკში გაუჩნდა და იხსენებს, რომ უპატრონოდ მიტოვებულმა მიწის ნაკვეთებმა გააღვიძა პატარა ბავშვში გარემოზე ზრუნვისა და მისი გალამაზების სურვილი.

13-14 წლის შაკოსთვის მცენარეების მოვლა სახალისო იყო, თანდათან კი ეს საქმიანობა მისთვის სერიოზულ ინტერესში გადაიზარდა და პროფესიადაც კი იქცა.

ყველაფერი ახლობლებისა თუ მეგობრების ნაჩუქარი ნერგებით დაიწყო, ახლა კი "შაკოს ედემში" ათობით ხე-მცენარე ხარობს და თვითნასწავლი მებაღის გეგმით, მათი რაოდენობა კიდევ გაზირდება, თანაც იშვიათი, საქართველოში არარსებული ჯიშებით.
ასეთ მცენარეებზე ჯერ ხელი არ მიუწვდება, თუმცა იმედს არ კარგავს, რომ ახლო მომავალში მისი ბაღის გამრავალფეროვნებას შეძლებს.

როგორც შაკო ქუსიკაშვილი აღნიშნავს, ბევრი კითხვა მოუხდა იმისათვის, რომ გაეგო რა სჭირდება მცენარეს და როგორ უნდა მიუდგეს ადამიანი მას, თუმცა ფიქრობს, რომ კიდევ ბევრი აქვს შესასწავლი და გეგმავს სერთიფიცირებული მებაღე გახდეს.

"შაკოს ედემი" 24 წლის მებაღის საცხოვრებელი სახლის პატარა ეზოშია მოწყობილი, შაკო ქუსიკაშვილი კი საკუთარი ეზოების გალამაზებაში დახმარებას სხვა რუსთაველებსაც სთავაზობს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები