რა უნდა გაითვალისწინოთ რუსთავში რომ არ დაჯარიმდეთ [photo]

2019-04-12 00:37:30

"ინფო რუსთავი" გთავაზობთ გიორგი ჩომახაშვილის ბლოგს.

უკვე რამდენიმე თვეა რუსთავში საავტომობილო გზებს ხაზავენ და ასევე განათავსეს საგზაო ნიშნები.

საგზაო მოძრაობის მოწესრიგება რომ კარგია ამაზე არ ვდაობთ, თუმცა არის გარკვეული შეუსაბამო გადაწყვეტილებები. ის რუსთაველები რომლებიც წლებია დადგენილი წესებით სარგებლობდნენ გარკვეული გაუგებრობის წინაშე აღმოჩდნენ. უფრო მეტად გასაგები რომ იყოს მოვიყვან კონკრეტულ მაგალითებს და თავად განსაჯეთ ემსახურება თუ არა საგზაო ნიშნების განთავსება ლოგიკას.

"ინფო რუსთავი" პირველი მედია საშუალება იყო რომელმაც ურთიერთსაწინააღმდეგო საგზაო ნიშნების შესახებ ფოტოები გაავრცელა, ყველაზე პოპულარული იყო მეგობრობის გამზირზე გადაღებული ფოტო რომლის მიხედვითაც ასფალტზე დახაზული ისარი გვამცნობდა რომ მარცხნივ შეხვევა შეიძლებოდა ხოლო საგზაო ნიშანი მარცხნივ მოძრაობას კრძალავდა.

დღეს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ჩვეულ რეჟიმში განაგრძო გზების ხაზვა, ალბათ არც კი დააკვირდნენ რომ შეცდომა მოუვიდათ, ეს ყველაფერი კი მაშინ გახდა ცნობილი რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო სადაც ჩანს რომ მეგობრობის და შარტავას გამზირზე 30 კმ/სთ-თი არის დაშვებული მოძრაობა. ფეისბუქში აღნიშნულ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა რის შემდეგაც კომპანიამ აღიარა შეცდომა და ყველა საგზაო მანიშნებელი რომელიც ასფალტზე იყო თავიდან გადაღებეს და მიუთითეს 50 კმ/სთ. სხვათაშორის აღნიშნულ ქუჩაზე განათავსეს საგზაო ნიშანი რომლის მიხედვითაც გადაადგილება 60 კმ/სთ-თი იყო დაშვებული, დღეს კი შეცვალეს.

ჩვენ დაველოდეთ დღის დასრულებას და კიდევ ერთხელ გავიარეთ რუსთავის ქუჩებში იმის სანახავად თუ რა ვითარებაა გზებზე. აღმოვაჩინეთ შემდეგი უზუსტობები, დავყობთ პუნქტობრივად:

1. თუ თქვენ ქალაქში შემოხვედით თბილისის ქუჩით და გსურთ რომ ფალიაშვილის ქუჩა გაიაროთ და ისე მოხვდეთ ქალაქის ცენტრში ამას ფაქტიურად ვერ მოახერხებთ, იმიტომ რომ პირველივე შესახვევში არის უწყვეტი ხაზი რომლის გადაკვეთა არ შეიძლება და ისარი რომელიც ასფალტზეა დახაზული მიგითითებთ რომ ისევ თბილისისკენ უნდა წახვიდეთ. ანუ ფალიაშვილის ქუჩაზე ამ ტრაექტორიით წესების დარღვევის გარეშე ვერ მოხვდებით.

2. ვიცით რომ ცენტრალურ ქუჩებზე მარცხნივ მოხვევა აკრძალეს, ამიტომ მძღოლებს უწევთ შედარებით დიდი გზის გავლა და წრეზე მოხვევა, ან უნდა ჩაუხვიო მარჯვნივ, მართობულ ქუჩაზე, დაელოდო რომ ყველა ავტომობილმა გაიაროს, მიმოიხედო მოუხვიო და ისევ დაბრუნდე ცენტრალურ გზაზე ოღონდ საპირისპირო მხარეს. თუმცა ეს ყველგან არ არის შესაძლებელი. მაგალითად თუ კლდიაშვილის ქუჩიდან მოდიხართ (გუბერნიის მხარეს) პირდაპირ ვერ გადახვალთ ფალიაშვილის ქუჩის მხარეს და ვერც ფალიაშვილის ქუჩიდან ჩახვალთ პირდაპირ კლდიაშვილის ქუჩისკენ, ანუ შეიძლება ითქვას რომ მანდ გზა კი არის მაგრამ გავლა არ შეიძლება, მით უმეტეს დახაზეს უწყვეტი ხაზი.

3. იგივე გამოსასვლელი ახმეტელის ქუჩიდან, რომელიც მეგობრობის გამზირს უერთდებოდა ჯერ აკრძალეს, დღეს კი გადაასწორეს და გავლა უკვე შესაძლებელია, თუმცა მანამდე უკვე ათეულობით მძღოლი დააჯარიმეს.

4. მძღოლებისთვის ასევე გაუგებარია დონეცკ-მეტალურგელების ქუჩაზე გადაადგილება გარკვეულ მონაკვეთზე რატომ გახდა ცალმხრივი. ანუ თუ ქუჩის დასაწყისიდან მიდიხართ მაშინ აღმოჩნდება რომ შესვლა აკრძალულია, ხოლო თუ ქუჩის შუაში მოხვდით (დავუშვათ არკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხართ), მაშინ მოძრაობა ორმხრივია.

5. რიგ ქუჩებზე, მაგალითად თოდრიას, მესხიშვილის, ლეონიძის, მეგობრობის და შარტავას ქუჩებზე იმდენი შუქნიშანია, გადასასვლელია და მწოლიარე პოლიციელი რომ განთავსდა საგზაო ნიშანი რომლის მიხედვითაც გარკვეულ მონაკვეთებზე 30 კმ/სთ-თი უნდა იაროთ.

6. მძღოლების გარკვეული ნაწილისთვის ასევე გაუგებარია რატომ არის მთავარ ხიდზე გადაადგილება 50 კმ/სთ-თი დაშვებული იქ სადაც არ არის დასახლებული პუნქტი და იქ სადაც დასახლებული პუნქტია, ცენტრალრ ქუჩებზე 60 კმ/სთ.

7. არ დაგავიწყდეთ რომ ამავდროულად ამოქმედდა უკონტაქტო პატრული, ასე რომ ახლა უკვე უფორმოებიც გვაკვირდებიან.

8. როგორც ოფიციალურად გვითხრეს ეს ყველაფერი კეთდება იმიტომ რომ: მოწესრიგდეს საგზაო ინფრასტრუქტურა, შემცირდეს ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი და ჩატარდეს მართვის მოწმობების გამოცდა რეალურ სივრცეში. იმედია ახალბედა მძღოლები რომელბიც გამოცდებს რუსთავის ქუჩებში ჩააბარებენ დამატებით პრობლემებს არ შექმნიან.

9. ქალაქის მერმა "ინფო რუსთავთან" განაცხადა რომ ზოგი საგზაო ნიშანი გადაიხედება და გათვალისწინებული იქნება სპეციალისტების აზრიც, დღეს ეს მოხდა, ანუ რამდენიმე ადგილზე უკვე შეიცვალა საგზაო ნიშანი. ასე რომ ყურადღებით იყავით შეიძლება ხვალაც შეიცვალოს რამე.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია არ დავარღვიოთ, ვიაროთ ნელა, დავაკვირდეთ საგზაო ნიშნებს და შესაბამისად ნაკლებად დავჯარიმდებით. მშვიდობიან გზას გისურვებთ.


ავტორი

გიორგი ჩომახაშვილი

ნახე ავტორის სხვა სიახლეები