"ამ გოგონასთან მხოლოდ ნაცნობობა აკავშირებს" [video]

2019-04-09 00:30:58

რუსთავში თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალურ კავშირში ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართა. [ვიდეო/video]
მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა ადვოკატის მიერ გირაოს შეფარდების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ბრალდებულს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სხდომა პროკურორის მოთხოვნით დაიხურა. წარსულში ნასამართლევმა, 30 წლის მამაკაცმა 15 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირი არ აღიარა.

"ჩვენი მოთხოვნა იყო 1000 ლარიანი გირაო, რომელიც არ გაითვალისწინა მოსამართლემ. აუცილებლად გავასაჩივრებთ შემდგომ ისტანციაში. არ არსებობს აღკვეთი ღონისძიების, როგორც ფორმალური ასევე ფაქტობრივი საფუძვლები. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს ან რა უნდა აღიაროს, რაც არ ჩაუდენია", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას ბრალდებულის ადვოკატმა ბესიკ მინდიაშვილმა.

"ბრალდების მხარის მოთხოვნა იყო პატიმრობის გამოყენება, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს, თუმცა მან გარკვეული სახის კავშირი დაადასტურა", - განაცხადა ჩვენთან საუბრისას პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა.

დაზარალებულის ადვოკატი "ინფო რუსთავთან" კომენტარს არ აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში 7 აპრილს 30 წლის მამაკაცი 15 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის გამო დააკავეს. დაკავებულს 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


ავტორი

ნინა პარუნაშვილი

ნახე ავტორის სხვა სიახლეები