რუსთაველები ციხის მშენებლობის წინააღმდეგ [Video]

2019-04-07 17:54:25

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის რუსთავის ოფისში შეხვედრა გაიმართა. [ვიდეო/video]

საინიციატივო ჯგუფმა შეხვედრაზე ჭყონდიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობის საკითხი განიხილა.

უკვე მესამე თვეა, რაც ჭყონდიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუსაოები დაიწყო, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ადგილობრივები დასახლებული პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე ციხის მშენებლობას საფრთხის შემცველად მიიჩნევენ და სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერებსაც აგროვებენ.

სოციალურ ქსელში შეიქმნა ასევე პეტიცია, რომელიც რუსთავში ახალი ციხის მშენებლობის წინააღმდეგაა მიმართული.
მოსახლეობა იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს განცხადებით მიმართვას და იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობა არ შეჩერდება საპროტესტო აქციების ჩატარებასაც არ გამორიცხავენ.

"დღეს ჩართულობის ცენტრში რუსთავში მოქმედი ორგანიზაციის წევრები და ჭყონდიდელის დასახლების მაცხოვრებლები შევიკრიბეთ, რათა მომზადდეს სტრატეგია და ნაბიჯები, რომელიც ჭყონიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობის შეჩერებისკენ იქნება მიმართული, იგეგმება მოლაპარაკებები თვითმართველობასთან და ასევე იუსტიციის სამინისტროსთან"- განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას საინიციატივო ჯგუფის წევრმა დათო მეტრეველმა.

"ჩვენ ვაპროტესტებთ ციხის მშენებლობას, ეს ჩვენი მოსახლეობისთვის საზიანო იქნება ისევე, როგორც ქალაქისთვის და ბავშვებისთვის. არ დავთმობთ, და არ დავუშვებთ საცხოვრებელ ტერიტორიასთან ახლოს ციხის მშენებლობას " - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას ჭყონდიდელის დასახლების მცხოვრებმა.


ავტორი

ნინა პარუნაშვილი

ნახე ავტორის სხვა სიახლეები