როგორ მუშაობს რუსული დეზინფორმაცია

2019-04-05 14:36:12

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთვრობო სექტორისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის  ქვემო ქართლის წარმომადგენელი თემურ სუყაშვილი და ცენტრის მიერ მოწვეული ექსპერტი ეთო ბუზიაშვილი უძღვებოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისთვის გაცემული ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში   განხორციელებულ პროექტსა და პროექტის ფარგლებში დაგეგმილ შემდგომ აქტივობებს.

პროექტი მოიცავს 18 თვიან საინფორმაციო კამპანიას, რომელიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება ნატოს ისტორიის, დასავლურ სამყაროში ალიანსის როლის, ასევე ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და ქვეყნის ნატოში გაწევრიანების გზაზე მიღწეული შედეგების შესახებ.

შეხვედრაზე ცენტრის მიერ მოწვეული ექსპერტი ეთო ბუზიაშვილი დამსწრეებს რუსეთის საინფორმაციო ომების შესახებ ესაუბრა და თანამედროვე კრემლის მიერ დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელების ხერხები და მეთოდები მიმოიხილა.

"ვისაუბრე რუსეთის საინფორმაციო ომებზე, იმაზე, თუ როგორ გეგმავს თანამედროვე კრემლი დეზინფორმაციულ კამპანიებს იმისათვის, რომ გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე და ქვეყანაში ისე განვითარდეს ყველაფერი, როგორც კრემლს სურს. საქართველოს მოდელზე რომ ვისაუბროთ, ამ შემთხვევაში რუსეთის მიზანია შეაფერხოს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და სწორედ ამ მიმართულებით ცდილობენ ისინი ტყუილები გაავრცელონ და ხალხს მიმდინარე პროცესების ნდობა დაუკარგონ. ეჭვი შეატანინონ იმაში, თუ რაში გვჭირდება ნატო", - განაცხადა ეთო ბუზიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები, დისკუსიები მრგვალი მაგიდის ირგვლივ და სემინარები რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში გაგრძელდება.