ქვემო ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობის დირექტორს ვინსენტ დონტოტს მხარის რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა დევნილთა მინისტრის მოადგილესთან მამუკა ცოტნიაშვილთან ერთად უმასპინძლა.
შეხვედრაზე მრავალფუნქციური პროექტი გაიხილეს, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრებელი სახლებით გრძელვადიანად უზრუნველყოფაა.
"პროექტი ხორციელდება გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით. ის 3 კომპონენტისაგან შედგება და ქვემო ქართლში 2 ძირითადი კომპონენტი განხორციელდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც არის, ეს არის მარნეულის მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, რომლებიც არიან სამხრეთ ოსეთიდან, გრძელვადიანი განსახლების პროგრამით უზრუნველყოფა, რაც ითვალისწინებს კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებზე სახლების მშენებლობას. მარნეულის მოდელი არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დონორისთვისაც და მთავრობისთვისაც. ამას გარდა ჩვენ გვაქვს განსახლება პლიუსის მოდელი, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული გრანტების მიცემას, იმ 30 თუ 31 ოჯახისთვის, რომელიც იქნება გრძელვადიანად განსახლებული მარნეულის მუნიციპალიტეტში, რათა მათ წამოიწყონ საარსებო წყაროების მიმართულებით საქმიანობა. ამას გარდა, კიდევ ერთი კომპონენტი ეს გახლავთ სოციალური კომპონენტი, რომელიც ითვალისწინებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობას ამ რეგიონში და ასევე გარკვეული სათემო მხარდაჭერის პროექტების განხორციელებას. რაც შეეხება ბაღის მშენებლობას რუსთავში, ეს ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს მთავრობა განსაზღვრავს პრიორიტეტს. ჩვენ მზად ვართ მათი საჭიროებიდან გამომდინარე, განვახორციელოთ ეს პროექტი", - განაცხადა ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტოტმა.
ქვემო ქართლის რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ - "დონორ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში, ჩვენ დევნილთა განსახლების კუთხით მთლიანად საქართველოს მასშტაბით გამოგვიყეს 10 000 000 ევრო. ამ დაფინანსებაში ბუნებრივია გათვალისწინებულია ქვემო ქართლიც და კონკრეტულად მარნეულის მუნიციპალიტეტი. ჩვენ ვგეგმავთ მარნეულში დაახლოებით 32 დევნილი ოჯახისათვის ჩასახლების აშენებას, კერძო სახლების მშენებლობის დაწყებას, სადაც გათვალისწინებულია ყველა ნიუანსი, სულადობა და შესაბამისი ფართები, სოციალური კომპონენტი, გათვალისწინებულია ასევე საარსებო წყაროები, რაც თავისთავად გულისხმობს დამხმარე მეურნეობებს. საკმაოდ გააზრებული საკმაოდ საჭირო პროექტია.
პროექტირების გარკვეული დეტალები განვიხილეთ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად. მშენებლობა ამ წლის ბოლომდე დაიწყება და 14 თვეში დასრულდება კერძო ბინების მშენებლობა"