პირველი აპრილიდან საქართველოში, ძალაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება და რეგულაცია შევიდა.
"ინფო რუსთავი" წარმოგიდგენთ, იმ ცვლილებებს, რომელიც პირველი აპრილიდან ამოქმედდა.
პირველი აპრილიდან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვა სისხლის სამართლის წესით დაისჯება.
კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, საპატრულო პოლიცია მძღოლს ნარკოტიკულ სიმთვრალეზე ნარკოტესტერით გადაამოწმებს.
კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე, 3 წლის ვადით სხვადასხვა უფლებების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.
პირველი აპრილიდან მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი ამოქმედდა.
მცირე და საშუალო ბიზნესის იმ ნაწილს, რომელსაც არ აქვს საკმარისი ქონება სესხის აღების დროს ბანკში ჩასადებად, სახელმწიფო დაუდგება გარანტორად, რომ კომპანიამ აიღოს სესხი და განახორციელოს ბიზნესპროექტი.
სესხები შეიძლება გაიცეს 50 000 ლარიდან 2 მილიონ ლარამდე. გარანტიის დაფარვის დონე ინდივიდუალურ სესხზე 70% იქნება, სქემის ფარგლებში გარანტიით უზრუნველყოფილი სესხების მთლიანი პორტფელის 15%-ის ფარგლებში.
საკრედიტო-საგარანტიო სქემის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ყველა ის მეწარმე-სუბიექტი, რომლის საშუალო ბრუნვა ბოლო 3 წლის განმავლობაში არ აღემატება 20 000 000 ლარს, ხოლო სასესხო ვალდებულებები 8 000 000 ლარს.
დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლა 40 წელს გადაცილებულ დასაქმებულებს შეეძლებათ.
პირები, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს 40 წლის ან მეტი ასაკის იყვნენ საპენსიო სქემიდან გასვლის უფლება მიეცემათ.
სისტემიდან გასვლა პირველი აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ პერიოდში, პირი საპენსიო სქემას არ დატოვებს, ის სისტემის მონაწილედ დარჩება.
მოქალაქეთა ნაწილი პასპორტისა და ID ბარათის უფასოდ მიღებას შეძლებს.
ის მოქალაქეები, რომლებიც ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობას ფლობენ, საქართველოს მოქალაქის პასპორტსა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას, პირველი აპრილიდან უფასოდ მიიღებენ.
აღნიშნული აქცია პირველ აპრილს დაიწყო და პირველ მაისამდე გაგრძელდება.
პირველი აპრილიდან აიკრძალება ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.
ამავე რეგულაციის მიხედვით, აიკრძალება ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის იმპორტი და რეალიზაცია.
კოდექსის მიხედვით რეგულირების წესის დარღვევა გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, განმეორებით ჩადენილი ქმედება კი გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
პირველი აპრილიდან ტექნიკური რეგლამენტი - ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ ამოქმედდა.
ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.