მოხდება თუ არა თანხის დამატება

2019-03-29 14:32:58

რუსთავის მუნიციპალიტეტში წარჩინებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა უკვე ამოწურულია.

დღეს საკრებულოს სხდომაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა "ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნანა გელაშვილმა და აღნიშნა, რომ თანხის ამოწურვის გამო სტუდენტებს, რომლებიც ყველანაირ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ  განცხადებები დაფინანსებასთან დაკავშირებით არ უკმაყოფილდებათ.

სხდომაზეც და უშუალოდ "ინფო რუსთავთან" საუბარშიც ბრალდება უარყო მაჟორიტარმა დეპუტატმა გიგა ვეფხვაძემ და აღნიშნა, რომ თანხის არარსებობის გამო უარი არც ერთ სტუდენტს არ მიუღია, მან ასევე განაცხადა, რომ თანხის დამატებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტი უკვე მუშაობს.

"შარშან იყო 20 000 ლარი გათვალისწინებული სტუდენტების დაფინანსებისთვის და შემდეგ დაემატა 10 000 ლარი. წელს ჩვენ თავიდანვე 40 000 ლარი ჩავდეთ პროგრამაში და კარგი მოსწრების სტუდენტების და აქედან გამომდინარე მომართვიანობის გაზრდის გამო 40 000 უკვე ათვისებულია. ყველა სტუდენტი, ვისაც ჰქონდა შესაბამისი საბუთები დაკმაყოფილდა და ახლა უკვე ქალაქის მერთან ერთად ვეძებთ დამატებით სახსრებს, რომ კიდევ იყოს თანხა მობილიზებული და წარჩინებული სტუდენტები, ვისაც ეს სჭირდება, კიდევ დაფინანსდნენ. შემდეგი თვის დასაწყისში, სავარაუდოდ, იქნება უკვე ეს გადაწყვეტილება მიღებული. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ არცერთ სტუდენტს არ მიუღია უარი თანხის ამოწურვიდან გამომდინარე, ვისაც შესაბამისი საბუთები ჰქონდა წარმოდგენილი", - განაცხადა გიგა ვეფხვაძემ.

თუმცა, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ მუნიციპალიტეტს წინა წელთან შედარებით უკვე გაზრდილი თანხა ჰქონდა გამოყოფილი აღნიშნული პროგრამის დაფინანსებისათვის და ქალაქი იტოვებს მის ლეგიტიმურ შესაძლებლობას, რომლის საფუძველზეც, დასაშვებია, რომ პროგრამას თანხა აღარც დაემატოს.

"შესაძლოა მეტი თანხა საერთოდ ვერც გამოვყოთ. იყო 40 000-იანი პროგრამა და ვისაც შეხვდა შეხვდა. სხვა მუნიციპალიტეტებში ამას არ აკეთებენ, ამას არ აკეთებენ სხვა სახელმწიფოებში", - აღნიშნა სხდომაზე გიგა ვეფხვაძემ.