"ცენტრი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას"

2019-03-26 22:59:51

ქვეყნის მასშტაბით სოციალური მუშაკები გაიფიცნენ.

სოციალური მუშაკები სოციალური პოლიტიკის გადახედვას, ხელფასების მატებას, შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

საპროტესტო აქციები 25 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

გაფიცულები არ ეთანხმებიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მათი სახელფასო ანაზღაურება დამაკმაყოფილებელია.

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

"ინფო რუსთავი" ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროს ბესიკ ტეფნაძეს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ქვემო ქართლის მასშტაბით სულ 22 სოციალური მუშაკია გაფიცული, მათ შორის 9 რუსთავის წარმომადგენელია.

"გაფიცულების ჩანაცვლება უკვე მოხდა, ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და ბენეფიციარები არ ზარალდებიან," - აცხადებს ბესიკ ტეფნაძე.