2019 წლის ივნისში რუსთავში სოციალური ზეგავლენის ჰაბის გახსნა იგეგმება, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს ონლაინ პლატფორმაზე დასაქმდნენ და დისტანციურად ანაზღაურების გამომუშავება შეძლონ.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს რუსთავის მერს, ირაკლი ტაბაღუას, ინიციატორ კომპანია ეფექტ ფორსსა (EFFECT FORCE) და რუსთავის ინოვაციების ჰაბის ახალგაზრდულ ჯგუფს შორის შეხვედრა გაიმართა.
როგორც ინოვაციების ჰაბის ჯგუფის ახალგაზრდა წევრებისაგან ჩვენთვის გახდა ცნობილი, ჰოლანდიური კომპანიის ეფექტ ფორსის მიერ დანერგილ "ხელოვნური ინტელექტის" საპილოტე პროგრამაში სწორედ 12 რუსთაველი ახალგაზრდა იყო ჩართული. ისინი 3 თვიანი აქტივობების ფარგლებში, მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებს მონაცემების დამუშავებასა და დახარისხებაში დისტანციურად ეხმარებოდნენ და თანხასაც გამოიმუშავებდნენ.
3 თვიანი საპილოტე პროგრამა საკმაოდ წარმატებით დასრულდა, ამიტომაც ჰოლანდიურ კომპანიას, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს ქმნის, სურს მუშაობა ამ კუთხით გააგრძელოს როგორც რუსთავში, ისე საქართველოს სხვა ქალაქებშიც და ქართველ ახალგაზრდებს მისცეს საშუალება დასაქმდნენ.
" ეს არის კომპანია, რომელიც მუშაობს ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაზე და ისინი დაინტერესებულები არიან საკუთარი საქმიანობა განავითარონ საქართველოში. რამდენიმე ქვეყანა ჰქონდათ არჩეული და საბოლოოდ შეჯერდნენ საქართველოზე, რადგანაც მთელ რიგ მოთხოვნებს აკმაყოფილებს იგი. თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში სურთ მათ მუშაობა და პირველად ჩამოვიდნენ რუსთავში, ჩვენი სლოგანი სწორედ არის "რუსთავი ინოვაციების ქალაქი" და სამომავლო ხედვებიც ამ მიმართულებით გვაქვს აწყობილი. მათ კი ეს გაიგეს ჩვენი პარტნიორების დახმარებით. აღნიშნულ პროექტში ჩაერთნენ ძალიან მოტივირებული და გონიერი ახალგაზრდები. მინდა გითხრათ, რომ ჰოლანდიელები, კომპანიის ხელმძღვანელები არიან აღფრთოვანებულები მათი მონდომებით", - განაცხადა რუსთავის მერის თანაშემწემ ქალაქის სტრატეგიული განვითარების საკითხებში, რევაზ ბარბაქაძემ.