რუსთავისა და რუსთაველებისთვის აქტუალურ კითხვებს "ინფო რუსთავთან" საუბარში თბილისის მერი კახი კალაძე პასუხობს.
საინფორმაციო სააგენტოს კითხვაზე, არის თუ არა ახალი დეტალები თბილისი-რუსთავის მიწისზედა მეტროს მშენებლობასთან დაკავშირებით, კალაძემ უპასუხა, რომ მალე გახდება ცნობილი იმ კომპანიების ვინაობა, რომლებიც კვლევას ჩაატარებენ. მისი თქმით, კონკურსი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე დასრულებულია.
"გამოცხადებული გვქონდა კომპანიების შერჩევაზე კონკურსი და უახლოეს მომავალში გვეცოდინება თუ რომელი კომპანიები გააკეთებენ და ჩაატარებენ კვლევას. პირველი ეტაპი ვიცით, რომ არის ლილო და მეორე ეს არის რუსთავი. უახლოეს მომავალში ზუსტად გვეცოდინება ვინ იქნება ის კომპანია, რომელიც კვლევას ჩაატარებს და რამდენი ხანი დასჭირდება კვლევის ჩატარებას", - განაცხადა კახი კალაძემ.
დღეს უკვე ცნობილია იმ კომპანიის ვინაობა, რომელიც სამგორი-ლილოსა და სამგორი-რუსთავის მიწისზედა მეტროს პროექტს მოამზადებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული ავსტრიული კომპანია ILF Consulting Engineers Austria GmbH გახდა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 11.2 მილიონ ლარს შეადგენდა, ავსტრიულმა კომპანიამ კი, სატრანსპორტო კომპანიას მომსახურება 10.8 მილიონ ლარად შესთავაზა. მასთან ხელშეკრულება 7 მაისამდე უნდა გაფორმდეს.
"ინფო რუსთავი" ასევე თბილისის მერს რუსთაველებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პრობლემატურ საკითხზე, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ტრანსპორტის თემაზე ესაუბრა და ჰკითხა, შესაძლებელია თუ არა თბილისიდან რუსთავის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები დაინიშნოს.
"მხარის გუბერნატორმა და რუსთავის მერმა უნდა დააყენონ პრემიერ მინისტრის დონეზე ეს საკითხი. თბილისის მერს არ აქვს ამის გადაწყვეტის უფლებამოსილება", - უპასუხა სააგენტოს კითხვას კახი კალაძემ.
როგორც კალაძემ "ინფო რუსთავთან" საუბრისას აღნიშნა, თბილისის მერია ხელს უწყობს და მხარს უჭერს რუსთავს და თუ დამატებითი დახმარება საჭირო გახდება, ისინი ამისთვის მზად არიან.