რუსთავის #15 საჯარო სკოლის ეზოში ახალგაზრდული პროექტის ფარგლებში ველოპარკირება მოეწყო და 130 ძირი პავლონიის ჯიშის ხე დაირგა.
პროექტი შვედეთის განვითარების ფონდისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. #15 საჯარო სკოლის მომავალ და ამჟამინდელ მოსწავლეებთან ერთად ველომსვლელობაში ჩაერთო რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ამირან ჯანჯღავა, ხოლო პავლოვნიის ჯიშის ხეების დარგვაში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მონაწილეობა მიიღო რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა.
როგორც საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ამირან ჯანჯღავა აღნიშნავს, განხორციელებული პროექტი უპრეცენდენტოა.
"პროექტი მიზნად ისახავდა ველოპარკირების მოწყობას #15 საჯარო სკოლის ეზოში. ასევე 130 პავლონიის ჯიშის ნერგი იქნა დარგული. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პროექტში ჩართულები იყვნენ არამხოლოდ სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები, არამედ მოსწავლეების მშობლებიც, ასევე აქ იყვნენ გვერდით მაცხოვრებელი ადამიანებიც. თემის, საზოგადოების ჩართულობა არის მთავარი იდეა, რომელზეც უნდა დაფუძნდეს თვითმმართველობა", - განაცხადა ამირან ჯანჯღავამ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პროექტი უპრეცენდენტოა იმ კუთხით, რომ #15 საჯარო სკოლა პირველი სკოლაა, რომლის ეზოშიც ველოპარკირება მოეწყო. მისი თქმით, ასევე პროექტის განსაკუთრებულობა იმითაც გამოიხატა, რომ საზოგადოების მხრიდან მასში ჩართულობის ძალიან მაღალი ხარისხი დაფიქსირდა.
პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია "ორბელიანი საქართველოს" მხარდაჭერით განხორციელდა და როგორც ორგანიზაციის იდეების კოორდინატორმა ნინო ორბელიანმა განაცხადა, ეს არის მაგალითი არასამთავრობო ორგანიზაციისა და საჯარო სექტორის ერთად ნაყოფიერი მუშაობის.
"არასამთავრობო ორგანიზაცია "ორბელიანი საქართველო" მხარს უჭერს ახალგაზრდულ პროექტებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ ეტაპზე დავაფინანსეთ ახალგაზრდების მიერ ინიცირებული 14 პროექტი, ახლა კი ვიმყოფებით ველოსიპედის სადგომის გახსნაზე, რომელიც #15 საჯარო სკოლის წინ გაიხსნა. დღევანდელი პროექტის პრეზენტაცია არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გაერთიანდეს არასამთავრობო ორგანიზაცია და საჯარო სატრუქტურა და ერთობლივად დააფინანსოს ასეთი სასარგებლო პროექტები. ეს პროექტი, უნდა აღინიშნოს, რომ შვედეთის განვითარების სააგენტოსა და რუსთავის მერიის ერთობლივი ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა", - განაცხადა ნინო გიორგაძემ.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ააიპ "რუსთავსერვის ცენტრი"-ს თანამშრომლებმა.