"ქუჩების პოპულარიზაცია მანიშნებლების საშუალებით"

2019-03-22 14:20:03

"ინოვაციების ფესტივალის" ფარგლებში გამარჯვებული პროექტის "ქუჩების პოპულარიზაცია მანიშნებლების საშუალებით" განხორციელება უკვე დაიწყო. ქუჩის ორენოვანი მანიშნებლის დამონტაჟების სამუშაოები თბილისის ქუჩაზე მოეწყო, პროექტის ფარგლებში კი ცურტაველის, ვაჟა-ფშაველას, იალღუჯისა და ვახუშტის ქუჩების მანიშნებლების, ჯამში სულ 6 აბრის განთავსება მოხდება.

მანიშნებელლებით ქუჩების პოპულარიზაციის იდეა ახალგაზრდებს ეკუთვნით, იდეის სისრულეში მოყვანა კი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია "მადაგონის" ფინანსური მხარდაჭერით მოხდა.

"პროექტის იდეა გაჩნდა "ინოვაციების ფესტივალის" ფარგლებში, შევიკრიბეთ გუნდი და გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ეს პროექტი, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქუჩების პოპულარიზაცია მოვახდინოთ. ჩვენ მივიღეთ მხარდაჭერა ბიზნესისგან, დიდი მადლობა კომპანია "მადაგონს" და ბუნებრივია რუსთავის მერიას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ახალგაზრდული იდეების დაფინანსება და მხარდაჭერა ქალაქმა აუცილებლად უნდა გაიხადოს მთავარ მიზნად. აირჩა 4 ქუჩა, ამ ქუჩებზე დამონტაჟდება მანიშნებლები და ვფიქრობ ეს იქნება საწყისი, გაგრძელდეს ეს პროექტი და სხვა ქუჩებზეც განთავსდეს მანიშნებლები", - განაცხადა პროექტის მტავარმა ინიციატორმა მარიამ ბირთველიშვილმა.

როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ აღნიშნა, დაწყებული პროექტის გაგრძელებისათვის მასში ბიზნეს სექტორის აქტიური ჩართვა და ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მით უფრო, რომ ქუჩებთან ერთად, პროექტის ფარგლებში, კონკრეტულ კომპანიასაც ეძლევა შანსი საკუთარი პოპულარიზაცია მოახდინოს.

"დიდი ისტორია აქვს ამ ქუჩაზე მანიშნებლის განთავსებას. ამ ისტორიამ საბოლოო სახე მიიღო და ახალგაზრდების აქტიურობით მოხდა სწორედაც ამ ისტორიისთვის დასრულებული სახის მიცემა. პროექტში ჩართული იყო ბიზნესიც და აღნიშნულია კიდეც მანიშნებელზე რომელი ბიზნესი დაეხმარა ახალგაზრდებს იდეის განხორციელებაში. ახალ თაობას აქვს როგორც ვალდებულება ქალაქის მიმართ, ასევე პასუხისმგებლობა და ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ინიციატივას დავეხმაროთ და მივცეთ მიმართულება", - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

აღსანიშნავია, რომ პროექტის დამუშავება 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მარიამ ბირთველიშვილთან ერთად სხვა ახალგაზრდებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

ქუჩების მანიშნებლების დამონტაჟებას "რუსთავსერვის ცენტრი" ახორციელებს.