ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცეს მედიის წარმომადგენლებს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა რეგიონის ჟურნალისტებს არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა, მათ პროფესიული დღე მიულოცა და რეგიონისა თუ ქვეყნის განვითარებაში ჟურნალისტებისა და მედიის როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"მინდა ყველა ჟურნალისტს მივულოცო პროფესიული დღე, ქართული ჟურნალისტიკის დღე, ვუსურვო მათ წარმატებები და წინსვლა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთან მეგობრობა, პარტნიორობა, რადგანაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება რაგიონში, სხვადასხვა მიმართულებით ძალიან კარგი წამოწყებები გვაქვს და ბუნებრივია, ამ კუთხით საზოგადოების ინფორმირებულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ვერ მიიღწევა თქვენთან თანამშრომლობის გარეშე. სრულად ვაცნობიერებ, რომ ინტენსიურად და მუხლჩაუხრელად შრომობთ ჩვენთან ერთად", - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებს რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში უმასპინძლა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა. ონიანმა მოადგილეებთან დავით რეხვიაშვილთან და ნინო ქავთარაძესთან ერთად ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა და საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა. საკრებულოს წარმომადგენლებმა ძველი და ახალი თაობის ჟურნალისტებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
პროფესიული დღე მიულოცა ასევე რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ქალაქის ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებს. ტაბაღუამ მედიის წარმომადგენლებს რუსთავის ისტორიულ მუზეუმში უმასპინძლა და მათ მადლობა გადაუხადა იმ საქმიანობისთვის, რომელიც როგორც თავად აღნიშნა, ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობას მოდუნების საშუალებას არ აძლევს. ქალაქის მერმა ჟურნალისტებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
აღსანიშნავია, რომ ისტორიულ მუზეუმში ღვაწლმოსილი რუსთაველი ფოტოგრაფის, რაჟდენ გაბრიჭიძის ფოტო გამოფენა მოეწყო, რომელსაც მედიისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ერთად გაეცნენ.
"მინდა დღევანდელი დღე განსაკუთრებულად გამოვყო და აღვნიშნო. 200 წლის იუბილეა ქართული ჟურნალისტიკის. თვითონ ფაქტი არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც ჟურნალისტიკის როლია მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ვუსურვებდი ჩვენს ჟურნალისტებს ძალიან ობიექურობას. ინფორმაცია მოეპოვებინოთ არამარტო იმისთვის, რომ ამ ინფორმაციას ჰქონდეს პოზიტიური ან ნეგატიური გამოხმაურება, არამედ იმისთვისაც, რომ მოჰყვეს დადებითი შედეგი და იყოს გამოყენებული პრობლემების გადაჭრის კუთხითაც", - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.