მე-4 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დაუნის სინდრომის ცნობადობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გამართეს. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებელმა, ნათია წიკლაურმა და სკოლის დირექტორმა, მამუკა ხამხაძემ ფერადი წინდები მოირგეს, რომლებიც კამპანიის მონაწილეებმა „გიგოს ფონდისგან“ შეიძინეს და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების დახმარებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.
ღონისძიების მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მხარდაჭერაა. „როგორც მოგეხსენებათ, 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ჩვენს საზოგადოებაში არიან ასეთი ადამიანები. საჯარო სკოლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბავშვებისათვის ემპათიის გრძნობის განვითარებას. დაუნის სინდრომით დაბადებული ადამიანები არიან ისეთივე სრულფასოვანნი და შეუძლიათ ისეთივე სრულფასოვანი ცხოვრება, როგორიც ყველა სხვა დანარჩენ ადამიანს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ეს ბავშვებმა ისწავლონ და დაინახონ.
ამიტომაც სასურველია, სკოლაში მოეწყოს ისეთი ტიპის კამპანია, რომელიც ამ მიმართულებით ბავშვების და მშობლების ცნობიერებას აამაღლებს. ჩვენი სოლიდარობა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს“, - აცხადებს მე-4 სკოლის დირექტორი, მამუკა ხამხაძე.
2010 წლიდან, ყოველ 21 მარტს, მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.