„საქსტატი“ 2018 წლის IV კვარტლის ხელფასების სტატისტიკას აქვეყნებს.
გამოქვეყნებული მონაცემებით, 2018 წლის მეოთხე კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 61,1 ლარითაა გაზრდილი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით და 1202 ლარს შეადგენს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2144.9 ლარი (წლიური ზრდა 0.6 პროცენტი); მშენებლობა - 1956.4 ლა რი (წლიური ზრდა -1.4 პროცენტი); საფინანსო და სადა ზღვევო საქმიანობა - 1902.0 ლარი (წლიური ზრდა 7.3 პროცენტი).
"ინფო რუსთავი" დაინტერესდა, რას ფიქრობს რუსთავის მოსახლეობა სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ ჩვენს მიერ გამოკითხული რუსთაველების ძალიან დიდი ნაწილი "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას უნდობლობით უყურებს.
როგორც გამოკითხულები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავდნენ, მათი დიდი ნაწილი მომსახურების სფეროშია დასაქმებული, სადაც საშუალო ხელფასი 250-დან 350 ლარამდე მერყეობს, ამიტომაც მათთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება დასახელდეს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიურ ხელფასად 1202 ლარი.
აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიერ გამოკითხული ადამიანები მათი ნაცნობების, მეგობრებისა და მეზობლების სამუშაო გამოცდილებასთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებითაც საუბრობდნენ. რამდენიმე გამოკითხულმა აღნიშნა კიდეც, რომ საერთოდ არ იცნობს ისეთ დასაქმებულს, ვისაც 1000 ლარიანი და მით უმეტეს, უფრო მაღალი შრომის ანაზღაურება აქვს.