დავით კირკიტაძე ციხეში შეუძლოდ გახდა

2019-03-19 14:02:19

დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი, რომელიც დღეს გურჯაანში 15:00 საათზე იყო ჩანიშნული გადაიდო. როგორც ინფო რუსთავს ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ბოტკოველმა განუცხადა, პროცესის გადადების მიზეზი დავით კირკიტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. მისივე ინფორმაციით, ამ წუთებში კირკიტაძესთან ექიმები არიან შესულები და მას გამოკვლევები უტარდება.

ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩაინიშნება სასამართლო პროცესი.

შეგახსენებთ რომ დავით კირკიტაძე 2018 წლის 17 დეკემბერს, ველისციხესთან მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს.

დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.