წითელას შემთხვევები რუსთავში

2019-03-18 11:52:06

რუსთავის სამედიცინო დაწესებულებებში წითელას ვირუსით მიმართვიანობის ზრდა არ შეინიშნება.

როგორც ინფექციონისტმა ნანა გელაშვილმა "ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადა, ცენტრალურ საავადმყოფოში წითელას ვირუსით პაციენტების მიმართვიანობა არ გაზრდილა. მისი თქმით, ამ დროისთვის მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში 1 პაციენტი გადის, 1 კი დღეს სახლში გაეწერა.

"ინფო რუსთავი" ასევე დაუკავშირდა ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორ, ნატო თოფურიას, რომლის თქმითაც, საავადმყოფოში დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში წითელას ვირუსით დაინფიცირებული პაციენტი არ შესულა, ახლა კი სამედიცინო დაწესებულებაში ვირუსით 1 პაციენტი მკურნალობს.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, წითელა მხოლოდ ვაქცინებით მართვადი დაავადებაა და მისი სხვა საშუალებებით შეჩერების გზა არ არსებობს.

პრევენციის მიზნით, მოსახლეობას შეუძლია ვაქცინაცია იმ პოლიკნინიკებში გაიკეთონ, სადაც დარეგისტრირებულები არიან. პირებს, რომლებსაც სურთ ვაქცინის გაკეთება უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს და მათ აცრა სრულიად უფასოდ გაუკეთდებათ.