რუსთავში ბინები აღარ იყიდება

2019-03-10 15:31:42

რუსთავში, სამშენებლო კომპანიებისა და უძრავი ქონების სააგენტოების წარმომადგენლები ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, შექმნილ პრობლემებსა და გაყიდვების საგრძნობლად შემცირებაზე საუბრობენ.

მიზეზად, იმ ახალ რეგულაციებს ასახელებენ, რომელიც 2019 წლის პირველი იანვრიდან  შევიდა ძალაში. ეს არის საქართველოს ეროვნული ბანკის დებულება, ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ, რომლის მიხედვითაც სესხის გამცემ ყველა ორგანიზაციას, მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასება დაევალა. ამ რეგულაციის მიხედვით ბანკი მხოლოდ ბინის/სახლის ღირებულების გათვალისწინებით სესხს ვეღარ გასცემს.

აღნიშნული რეგულაციების ამოქმედების შემდგომ რუსთავში სამშენებლო სექტორს, გაყიდვები გაუნახევრდა.

კომპანიებისა და სააგენტოების ხელმძღვანელები "ინფო რუსთავთან" საუბრისას აცხადებენ, რომ გაყიდვები, გასულ თვეებთან შედარებით დაახლოებით 70-80%-ით შემცირდა. მათი თქმით, ახალი რეგულაციების შემოღებამ საფრთხეში ჩააყენა ბიზნესი, ასევე დააზარალა მოქალაქეები, რომლებსაც საცხოვრებელი ფართის შეძენა სურდათ. ისინი აცხადებენ, რომ ბინის შეძენის მსურველი კვლავ ბევრია, თუმცა შეზღუდვების გამო ვეღარ ახერხებენ.
ზოგმა კომპანიამ იმის გამო, რომ გაყიდვების რაოდენობამ იკლო, ბინებზე ფასი შედარებით დაწია.