რუსთავში ხმაური დასჯადი გახდა. გადაჭარბებული ხმაურისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები დააჯარიმებენ. როგორც "ინფო რუსთავისთვის" გახდა ცნობილი, სამსახურმა მოსახლეობის გაფრთხილება უკვე დაიწყო.
ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, რუსთავში ჯერ არავის დაჯარიმება არ მომხდარა, რადგან კანონმდებლობა პირველ ჯერზე ხმაურისთვის პირის მხოლოდ გაფრთხილებას ითვალისწინებს.
როგორც ზედამხედველობის სამსახურში აღნიშნეს, ხმაურისთვის უკვე გაფრთხილება მიიღო 1-მა იურიდიულმა პირმა, რუსთავში, კოსტავას გამზირზე მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარი კი ხმაურის განმეორების შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული 500 ლარით დაჯარიმდება.
შეგახსენებთ, რომ კანონის მიხედვით, პირველ ჯერზე ხმაურისთვის პირები არ ჯარიმდებიან, მისი განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკური პირები 150 ლარით, იურიდიული პირები კი 500 ლარით დაჯარაიმდებიან. ერთი წლის მანძილზე სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ქმედების ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის- 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის - 1000 ლარის ოდენობით.
ხმაურის დონის გაზომვა სპეციალური ხელსაწყოებით ხდება. კანონმდებლობა განსაზღვარვს დღისა და ღამის ხმაურს. დღის საათებად ითვლება 07.00 – 23.00 სთ, ღამის საათებად - 23.00–დან 07.00 სთ–მდე.
კანონი არ ვრცელდება ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოსთან შეთანხმებულ დასვენების, კულტურულ და სპორტის საჯარო ღონისძიებებზე, აგრეთვე დღის საათებში სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზე.