საგანგებო მდგომარეობის დროს სამხედრო ძალები პრემიერ-მინისტრის ბრძანებით იმოქმედებენ.

2017-03-03 16:20:29

საქართველოს კონსტიტუციაში ახალი  ჩანაწერის გაკეთების ინიციატივა ”ქართულ ოცნებამ” გამოთქვა. "ქართული ოცნების" პროექტით, საქართველოს სამხედრო ძალები საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით იმოქმედებენ, გარდა ამისა, სამხედრო ძალების სტრუქტურას პრეზიდენტის ნაცვლად, მთავრობა დაამტკიცებს და სამხედრო ძალების რაოდენობასაც ასევე  მთავრობა წარუდგენს პარლამენტს.                                           

სახელისუფლებო გუნდის ინიციატივაა ის, რომ გადაწყვეტილება ეკოლოგიური კატასტროფისა და ეპიდემიის დროს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ მთავრობამ მიიღოს, რასაც პარლამენტის მიერ დამტკიცება არ დასჭირდება.

აღნიშნული ინიციატივა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენილი პროექტის სამუშაო ვარიანტშია ასახული.
პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის უფლებამოსილებად რჩება სამხედრო ძალების გენერალური შტაბის უფროსის დანიშვნა და გადაყენება, უმაღლესი სამხედრო წოდებების მინიჭება, საომარი და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.