ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და მისმა მოადგილეებმა სამხარეო ადმინისტრაციაში სახელმწიფო პროგრამა "ასწავლე საქართველოში" ჩართულ ქართული ენის პედაგოგებთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე იმყოფებოდა ბოლნისის, გარდაბნის, მარნეულის, დმანისის სხვადახვა სოფლებში მოღვაწე 11 მასწავლებელი, რომლებმაც საკუთარი საცხოვრებელი დატოვეს და უკვე რამდენიმე წელია, ქართულ ენას, ქვვემო ქართლის რეგიონში არსებულ ეთნიკურ უმცირესობებს ასწავლიან.
სახელმწიფო რწმუნებული პირადად გაეცნო თერთმეტივე პედაგოგს, მოისმინა მათი შეხედულებები და ის პრობლემები, რაც ქვემო ქართლის სოფლებში არსებობს.
შეხვედრის დასასრულს, შოთა რეხვიაშვილმა მასწავლებლებს სიგელები და საჩუქრები გადასცა.
"ჩვენი რეგიონში მოგზაურობის პერიოდში ძალიან ბევრჯერ აღმოვაჩინეთ პედაგოგები, რომლებიც ქვემო ქართლის მხარეში სხვა რეგიონებიდან არიან მოვლენილნი. ისინი აკეთებენ მამულიშვილურ და ღირსეულ საქმეს და ეთნიკურ უმცირესობებს ასწავლიან ქართულ ენას. ეს ხალხი უმეტესწილად მოწვეტილია საკუთარ ოჯახებს. ჩვენი ვალდებულებაა მათთან შეხვედრა, გაცნობა, მოსმენა იმ პრობლემების, რაც მათ ყოველდღიურ პედაგოგიურ საქმიანობაში არის და მომავალში ამ პრობელმების მოგვარება", - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა.