რუსთავის მერიაში ვინ რამდენჯერ აიღო პრემია-დანამატი

2019-03-11 00:40:33

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ქალაქ რუსთავის მერიის 2016-2017 წლების ბიუჯეტებით.

გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის შედეგებს აქვეყნებს.

აუდიტის დასკვნაში საუბარია, რომ რუსთავის მერიამ 2016 წელს პრემიების გაცემის დროს დაარღვია საკრებულოს მიერ განსაზღვრული წესი. კერძოდ, საჯარო მოსამსახურეებზე პრემიები გაცემულია დასაშვებზე მეტი ჯერადობით.

"2016-2017 წლებში დანამატები ყოველთვის არ არის გაცემული საჯარო მოხელეების ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებული ფუნქციური დატვირთვისათვის და მისი დასაბუთება ფორმალურ ხასიათს ატარებს"-ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტმა გამოიკვლია და დაადგინა, რომ 2016-2017 წლებში დანამატები გაიცემოდა ფაქტობრივად სახელფასო ანაზღაურების სახით, რაც არ შეესაბამება დანამატის გამოყოფის კანონმდებლობით განსაზღვრულ პრინციპს.

წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, 2016-2017 წლებში სულ გაცემულია 1,146.2 ათასი ლარის დანამატი. მუნიციპალიტეტი დანამატს ყოველთვიურად გასცემდა საშუალოდ 67 პირზე.

აუდიტის ჯგუფმა შესწავლის შედეგად გამოავლინა გარემოებები, როცა დანამატების გაცემის კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობები არ არსებობდა, მათ შორის: დანამატები გაცემულია ისეთ მოხელეებზე, რომლებიც რეგულარულად აგვიანებდნენ ან/და ადრე მიდიოდნენ სამსახურიდან. შესაბამისად, არ ფიქსირდება დამატებით სამუშაო დროის არსებობა.

ტურნიკეტის დამრგვალებული მონაცემებით, სამუშაო პერიოდის, მოხელეების დაგვიანებით გამოცხადებისა და ადრე წასვლის ჩვენებით, ჯამში საჯარო მოხელეებმა გააცდინეს მთლიანი სამუშაო პერიოდის 24%. შესაბამისად, აუდიტი აცხადებს, რომ თუკი ტურნიკეტის მონაცემებს დავეყრდნოთ, ზეგანაკვეთურად ფაქტობრივად არცერთ თანამდებობის პირს უმუშავია.

აუდიტი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში 2016-2017 წლებში დანამატების გაცემის დასაბუთება ფორმალურ ხასიათს ატარებს. დანამატები გაიცემოდა ფაქტობრივად შრომის ანაზღაურების სახით, რაც არ შეესაბამება დანამატის გამოყოფის კანონმდებლობით განსაზღვრულ პრინციპს.

მუნიციპალიტეტის მიერ 2016-2017 წლებში გაცემული შრომის ანაზღაურების ანალიზი იძლევა შემდეგ სურათს:

საჯარო მოხელეების დამატებითმა ანაზღაურებამ (პრემია, დანამატი) 2016 წელს შეადგინა 1,505.1 ათასი ლარი, რაც თანამდებობრივი სარგოს 57%-ია. მათ შორის: - 6-მა მოხელემ წლის განმავლობაში დამატებითი ანაზღაურება მიიღო 15-ჯერ, 16-მა მოხელემ - 16-ჯერ, ხოლო 10-მა მოხელემ 17-ჯერ;

საკრებულოს თავმჯდომარემ და მერმა დამატებითი ანაზღაურება მიიღეს 15-ჯერ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა, აპარატის უფროსმა და მერის პირველმა მოადგილემ - 15-16-ჯერ, მერიის ადმინისტრაციის უფროსმა - 17-ჯერ;

მარტის თვეში ერთდროულად მიიღო პრემიაც და დანამატიც 49-მა მოსამსახურემ, აპრილის თვეში - 40-მა, ხოლო დეკემბერში 70-მა მოსამსახურემ.

2017 წელს მუნიციპალიტეტში პრემიისა და დანამატის სახით გაიცა სულ 965.9 ათასი ლარი, რაც თანამდებობრივი სარგოს 28%-ია. მათ შორის: - 13 მოსამსახურეზე წლის განმავლობაში დამატებითი ანაზღაურება გაიცა 11-ჯერ, 3 მოსამსახურეზე 12-ჯერ, 5 მოსამსახურეზე - 13-ჯერ, ხოლო 12 მოსამსახურეზე - 14- ჯერ;

მერმა, მერის მოადგილემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა დამატებითი ანაზღაურება წლის განმავლობაში მიიღეს 11-ჯერ, საკრებულოს თავმჯდომარემ და აპარატის უფროსმა 13-ჯერ; აპრილის თვეში ერთდროულად მიიღო პრემიაც და დანამატიც 63-მა მოსამსახურემ, ხოლო დეკემბერში 230-მა მოსამსახურემ.