დღეს მიტევების დღეა

2019-03-10 12:25:51

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს შენდობის დღეს, ანუ მიტევების კვირას აღნიშნავს.

შენდობის კვირას ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არქონა გახდა. ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება.

ყველიერის შვიდეულის ბოლო კვირა დღე ერთადერთია მთელი წლის განმავლობაში, რომელსაც განსაკუთრებული სინანულითა და სულიერი განწმენდის სურვილით ხვდება თითოეული ქრისტიანი.

დღეს, რუსთავის ყველა მოქმედ ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები იკითხება. ამის შემდეგ, ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას შეუნდობს.

ხვალიდან უკვე სააღდგომო მარხვა იწყება, რომელიც 28 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით დასრულდება.