"მადლობა რუსთაველებს მხარდაჭერისთვის" [video]

2019-03-08 19:39:59

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთავში 7 სოციალურად დაუცველ ოჯახს ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, დავით კირკიტაძის მეუღლე მარიამ ახობაძე ესტუმრა. [ვიდეო/video]

მარიამ ახობაძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად სოციალურად დაუცველ ქალებს 8 მარტი მიულოცა და როგორც ქალებს, ისე მათი ოჯახის წევრებს საჩუქრები გადასცა.

როგორც დავით კირკიტაძის მეუღლემ "ინფო რუსთავთან" საუბრისას აღნიშნა, ის განსაკუთრებით დიდ მადლობას უხდის რუსთავის მოსახლეობას, იმ ადამიანებს, რომლებიც კირკიტაძეს მხარს უჭერენ და გვერდში უდგანან.

"ვულოცავ ყველა ქალბატონს 8 მარტს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და რა თქმა უნდა, გაბრწყინებულ საქართველოში ცხოვრებას. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა დათოს თითოეულ მხარდამჭერს, რუსთავის მოქალაქეებს, რომლებიც ასე უდგანან გვერდში და გმობენ ქვეყნაში არსებულ შერჩევით სამართალს", - აცხადებს მარიამ ახობაძე.

შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით კირკიტაძემ ე.წ. მატროსოვის ციხეში რამდენიმე დღის წინ იქორწინა. მისი რჩეული ესთეტიკური ცენტრის გაყიდვების დირექტორი, 27 წლის მარიამ ახობაძეა.