რუსთავში გარემოს დამაბინძურებელი მყარი ნაწილაკების PM-10ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქისრდა.
გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე ახორციელებს.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგი ავტომატური სადგურების საშუალებით საქართველოს რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს, მათ შორისაა რუსთავიც. ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.
მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დღეის მონაცემებით ფიქსირდება რუსთავშიც. ამის შესახებ სოციალური ქსელში „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი წერს.
"ჩვენი უფლებაა ვიცოდეთ რას ვსუნთქავთ და შევამოწმოთ ხოლმე air.gov.ge, რომელიც გვეუბნება თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და რუსთავში ზოგიერთ ქუჩაზე დღეს არის PM-ების გადაჭარბებული ოდენობა. უნდა მოვითხოვოთ აღმოიფხვრას ეს დაბინძურება! ", - წერს ეკა ლალიაშვილი.
"ინფო რუსთავმა" კითხვით, თუ რაში მდგომარეობს პრობლემის აღმოფხვრის გზები, ეკა ლალიაშვილს მიმართა. მისი თქმით, პრობლემის მოგვარების გზა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გამზომველი სადგურების სიმრავლესა და ძველი ავტოპარკის განახლებაშია.
"ყველაზე დიდი გამოწვევა არის PM2.5 და PM10. პირველ რიგში უნდა მოვითხოვოთ, რომ სადგურები უფრო მეტი იყოს სხვადასხვა ქალაქებში, რათა რეალურად ვნახოთ რა გარემოში ვცხოვრობთ, შემდეგ იქნება შესაძლებელი დასკვნების გაკეთება, რისგანაა გამოწვეული დაბინძურება. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მშენებლობებთან და ძველ ავტოპარკთან, რომელიც უქმნის საფრთხეს გარემოს და უნდა განახლდეს", - აცხადებს ეკა ლალიაშვილი.
გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ მონაცემებს ყოველდღიურად აქვეყნებს სამინისტროს პორტალზე www.air.gov.ge, ასევე ყოველკვირეულად შესაძლებელია საზოგადოება გაეცნოს ინფორმაციას გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.