დარღვევები რუსთავის მერიაში

2019-03-06 11:02:42

აუდიტის სამსახურმა რუსთავის მუნიციპალიტეტში გამოვლენილ დარღვევებზე პროკურატურას მიმართა.

საქმე ეხება შესაბამისობის აუდიტის ანგარიშებში დაფიქსირებულ სისტემურ და კომპლექსურ დარღვევებს.

კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 1-ელ მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშებში გარკვეული დანაშაულის შესაძლო ნიშნებსა და რისკებზეა საუბარი.

არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მრავალი ხარვეზი გამოავლინა რუსთავის მუნიციპალიტეტში. განსაკუთრებით საგულისხმოა რუსთავის მარჯვენა სანაპიროს რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელიც, აუდიტორების დასკვნით, მერიამ ისე ჩაიბარა, რომ დასრულებული არ იყო. ამასთან, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაცვლად, პერიოდულად უზრდიდა შემსრულებელ კომპანიას დასრულების ვადას. ასევე ირკვევა, რომ რუსთავის მერიამ ხანძრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის გადახურვის სამუშაოებიც ისე ჩაიბარა, რომ დასრულებული არ იყო, რადგან სამშენებლო მასალის შესყიდვისა და სამუშაოების დასრულების თარიღი ერთმანეთს ემთხვევა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პროკურატურას რუსთავის გარდა სამტრედიის, ქუთაისის, ხობის, საჩხერის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ფინანსური დოკუმენტაციაც გადაუგზავნა.